რეზონანსი
20.11.2023

"საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" ქოროღოს არქიტექტურულ კომპლექსზე ჩუბინაშვილის ცენტრის შეფასებას ეხმაურება და საპატრიარქოს მოუწოდებს, რომ X საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ზურგიანი კოშკის, გადასარჩენად ქმედითი ნაბიჯები გადადგას (გელათის მსგავსად მასზეც აიღოს პასუხისმგებლობა).

კომიტეტი აღნიშნავს, რომ ხადის ხეობაში ქოროღოს კომპლექსის რეაბილიტაცია სავალალო შედეგებით მიმდინარეობს და ზურგიანი კოშკი თითქმის მთლიანად დანგრეულია.

"ისტორია მეორდება, გელათის მსგავსად, ქოროღოს კოშკზე უხეში ჩარევის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დანგრეულია და ნადგურდება, ხოლო მსოფლიოში უნიკალური რელიეფური ფილა ნანგრევებს შორის, ღია ცის ქვეშაა მიტოვებული. გარდა ამისა, ჯერ ისევ დაუზუსტებელია, კოშკი დაინგრა თუ ამ ფორმით დაშალეს. სპეციალისტების განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ კოშკი დაშალეს, არსებული მდგომარეობით, ეს სამუშაოები ყველა წესის დარღვევით არის ჩატარებული.

ქოროღოს ხუროთმოძღვრული კომპლექსი (ხადის ხეობა, დუშეთის მუნიციპალიტეტი), რომელშიც შედის ღვთისმშობლის ეკლესია (X-XI ს.ს.), ზურგიანი კოშკი და მცირე სამლოცველო, გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია როგორც არქიტექტურით, ისე რელიფური ფილებით, რომელსაც ქართულ ხუროთმოძღვრებაში ანალოგი არ მოეპოვება. მათზე გამოსახულია მშენებლობის პროცესის ამსახველი კომპოზიციები, ქტიტორები და ეკლესიის გეგმა...

ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს უმცირესი შანსი ამ უნიკალური ძეგლის გადარჩენისა, მათ შორის, რელიეფური ფილების, რომლებიც, შესაძლოა, ყოველ წამს დაზიანდეს და განადგურდეს უყურადღებობის და არასათანადო პირობებში შენახვის გამო, აუცილებლად მიგვაჩნია აქტიური რეაგირება და ქმედება სათანადო ორგანოების მხრიდან. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და როლი ეკისრება საქართველოს საპატრიარქოს", - წერს საყდრისის კომიტეტი. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×