რეზონანსი
20.11.2023

სააკაშვილი ცდილობს, პარტიის ლიდერის ფუნქცია დაიბრუნოს. არ მგონია, ამით რაიმე კონკრეტული გამოუვიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, სააკაშვილის სახელი პარტიაში სიმბოლოდ სჭირდებათ, რეალური ბერკეტები კი სხვადასხვა ჯგუფს უნდათ, რომ ჰქონდეთ.

„სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია ისტორიაში არიან ჩარჩენილი. ჯერჯერობით ისეთი ელექტორალური რესურსი აქვთ, რაც მათ პოლიტიკურად აცოცხლებთ. ალბათ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ასეთი შეძახილები მიმართულია იქითკენ, რომ ის ელექტორატი მაინც შეინარჩუნონ, რაც მათ ჯერ კიდევ აქვთ. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში ახლის თქმის საშუალება არ აქვს, თუმცა პარტიის შიგნით ბრძოლის ნიუანსებს ფლობს. ხედავს, რომ პარტიაში მისი საჭიროება დიდად არ არის. მისი სახელი სიმბოლოდ სჭირდებათ, ხოლო მმართველობა და რეალური ბერკეტები სხვადასხვა ჯგუფს უნდათ, რომ ჰქონდეთ. სააკაშვილი ცდილობს, მისი, როგორც პარტიის ლიდერის, ფუნქცია დაიბრუნოს. არ მგონია, ამით რაიმე კონკრეტული გამოუვიდეს.

როგორც ჩანს, ნიკა მელია მაინც ცალკე გავა და ელოდება, ეს მაშინ გააკეთოს, როცა მაქსიმალურად მეტი პარტიული შიდა რესურსის გატანა შეეძლება გარეთ. ის ნაწილი, რომელიც ხაბეიშვილს აცოცხლებს, ფიქრობს, რომ ეს პარტია და მისი ამომრჩეველი ერთი კუთხით იყოს დაკავშირებული სააკაშვილთან და ლოზუნგად ჰყავდეთ, ხოლო საარჩევნო სია და ფინანსები მათი ნება-სურვილით გადანაწილდეს. როგორც სააკაშვილის პერსონას იყენებს მისი პარტია, ისიც შეეცდება, თავი ადვილად არ გამოაყენებინოს. მისი განცხადებები ნიშნავს, რომ ამ პარტიაში თუ არ იქნება განმსაზღვრელი ძალა, ზურგს შეგაქცევთ და ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩევლის დიდ ნაწილს დააკარგვინებს, რადგან ვინც ხუთ ნომერს ხაზავს, მაინც სააკაშვილის ამომრჩეველია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საერთო ენის გამონახვა უნდა შეძლონ და სწრაფი ტემპით იარონ წინ. სააკაშვილმა ასევე ისაუბრა პარტიის პოლიტსაბჭოს შესახებ: „ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ყველა ჩვენი გამოცდილი მებრძოლი და ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი, რომელიც რატომღაც გარიყული აღმოჩნდა პოლიტიკური საბჭოდან, დაბრუნდეს. ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას. დღევანდელი პოლიტსაბჭო კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება, თუ ადრე არჩეულ ხალხსაც დავაბრუნებთ“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×