რეზონანსი
24.11.2023

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა, ამას ძალიან მალე დაესმება წერტილი. საკადრის პასუხს მიიღებს ყველა, ვინც ამ „მგლის ბილეთს" არიგებს თუ ბეჭდავს!

მან „ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები შეაფასა და განმარტა, რომ ცალკეული პოლიტიკოსები სარგებლობენ იმით, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პროცესებში ჩართვა სრულფასოვნად არ შეუძლია.

„მიხეილ სააკაშვილის ასეთი მდგომარეობით უტიფრად სარგებლობენ, როგორც მანამდე ამოფარებულები იყვნენ მუდმივად მიხეილ სააკაშვილის სახელს და მისი სათრევი იყო ის ხალხი, ვისაც დღეს ვხედავთ, დღესაც ასე აგრძელებენ. უხერხულობის განცდა არ აქვთ საერთოდ. იქნებ მოვიდა დრო და დღეს პირიქით, თვითონ უნდა შეეხიდონ ამ ადამიანს. ამას ძალიან მალე დაესმება წერტილი. საკადრის პასუხს მიიღებს, ყველა ვინც ამ „მგლის ბილეთს" არიგებს თუ ბეჭდავს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებები მოვახდინოთ",-განაცხადა დოლიძემ.

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს რომ ჰქონოდა სრულფასოვანი შესაძლებლობა პროცესებში ჩართულიყო, ის პროცესები, რაც „ნაციონალურ მოძრაობაშია", აქამდე არ მივიდოდა.

„თვითონაც დაინახავდა რა ხდება, რა დინებებია, ვის, რა აინტერესებს. ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში მოხდა, ის რა მდგომარეობაში არის დღეს პარტია, ის რეპუტაციული ზიანი, დახლეჩილი, დასუსტებული, ვის აწყობდა ეს ყველაფერი? ეს ხომ არ იყო მთავარი ამოცანა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" სწორედ იმ მდგომარეობაში ყოფილიყო, რომელშიც დღეს არის. არავინ არის ასეთი გულუბრყვილო დაიჯეროს, რომ ეს ყველაფერი თავისით ხდება",-განაცხადა დოლიძემ.

გარდა ამისა, მან პარტიის მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გაერთიანების ნაცვლად, აღნიშნული მანიფესტი „გახლეჩის დოკუმენტი" აღმოჩნდა.

„დღეს საჯაროდ დავწერე, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. იმ ადამიანებს ნამდვილად ღირსეულად ვუპასუხებთ, ვინც „მგლის ბილეთებით" გვესაუბრება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გუშინ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა პირდაპირ აღიარა, რომ თურმე მთავარი მოტივაცია იყო გაერკვიათ, ვაწერდით თუ არ ვაწერდით ხელს იმ დოკუმენტს, რომელიც რეალურად, აღმოჩნდა ისე, რომ თურმე გახლეჩის დოკუმენტი ყოფილა და არა გამთლიანების. ეს ნამდვილად სამწუხარო ამბავია",-განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ მოაწერა მანიფესტს ხელი, ბაჩო დოლიძემ უპასუხა, რომ „დოკუმენტის და წერილების შინაარსი პრობლემას ვერ აგვარებს".

„ასე პრიმიტიულადაც ნუ შევხედავთ, რომ ხელმოწერას ამდენი პრობლემის მოგვარება შეეძლო. დავუშვათ მოვაწერდით ხელს მე და ჩემი მეგობრები, მერე რა შეიცვლებოდა მაინტერესებს. დავდგებოდით ხვალ ლევან ხაბეიშვილთან, ლევან ბეჟაშვილთან, სხვებთან, ჩავიდოდით კვიპროსში, ვნახავდით ბატონ დავით კეზერაშვილს და ვიტყოდით, რომ ყველა პრობლემა მოვაგვარეთ, არაფერი გასაყოფი არ გვაქვს, ყველაფერზე ვთანხმდებით, ახლა მთავარია „ქართული ოცნება" და ა.შ. რა რეზულტატს დადებდა ამით „ნაციონალური მოძრაობა" ვინმეს უფიქრია? ვის უნდა დავაჯეროთ ახლა ამ ყალბი ერთობის და ყალბი ბუტაფორიული გაერთიანებების. თუ ეს ხდება იმისთვის, რომ პომპეზურობას შევუერთდეთ, თქვათ, რომ ყველანი ახალი ვარდები ვართ და „ქართული ოცნება" დამთავრდება, ამას ილუზიაში ყოფნა აღარ ჰქვია, ფანტასტიკის სფეროა. ხომ არ შეიძლება მუდმივად გაურბოდნენ რეალობას, რაც ქვეყანაში ხდება",-განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, "ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ვაჩვენოთ, რომ არის პრინციპები, არის ღირებულებები და პრობლემები, რომელსაც გაქცევა კი არა, თვალებში ჩახედვა და მოგვარება სჭირდება".

ამასთან, ბაჩო დოლიძის განმარტებით, „მტრის ხატად" გამოჰყავთ ის ადამიანები, რომლებმაც მრავალი წელი შესწირეს იმას, რომ თავიანთი პრინციპების ერთგული ყოფილიყვნენ.

"სამწუხაროდ, დღეს გვყავს ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ დაინტერესებული არიან იმით, რომ საპარლამენტო, საარჩევნო სიებში მოხვდნენ, სხვა მათ არაფერი აინტერესებთ, სახეზე გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი, ბიზნეს თუ კერძო სექტორს ვგულისხმობ. ამავე დროს, გვყავს ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში უდარდელად, ძალიან მშვიდ და კომფორტულ გარემოში სურთ ამ პოლიტიკურ პროცესებში თავიდან ბოლომდე იყვნენ ჩართულები ისე, რომ არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებდნენ",-განაცხადა დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×