რეზონანსი
30.11.2023

ეროვნული ეკონომიკა 2012 წლიდან სამჯერ გაიზარდა, 2023 წლის ბოლოს მშპ მოსალოდნელია 8 000 დოლარს გაუტოლდეს, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ფაქტობრივად, ჩვენი თანმიმდევრული და ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, საქართველომ წარმატებით შეინარჩუნა ეკონომიკური სტაბილურობა და რეგიონული, გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად მოხდა ეს. ზოგიერთი ჩვენი მიღწევის საილუსტრაციოდ, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანდემიის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით. 10%-ზე მეტი იყო ზრდა 2021-2022 წლებში. ჩემმა მთავრობამ ეს დადებითი ტენდენცია 2023 წელსაც შეინარჩუნა. პირველ 9 თვეში 7%-იანი საშუალო ზრდის ტემპით, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 1%-ზე დაბლა მოაქცია. მთლიანობაში, ეროვნული ეკონომიკა 2012 წლიდან სამჯერ გაიზარდა. 2012 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 27 მილიარდი ლარი იყო, ხოლო 2024 წელს 86 მილიარდ ლარს მიაღწევს. 2023 წლის ბოლოს მშპ მოსალოდნელია 8 000 დოლარს გაუტოლდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ რაღაც სამ წელიწადში ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა. გარდა ამისა, ჩვენმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ იმართება ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალი, რომელსაც წელს საქართველო მასპინძლობს. მინისტერიალს ესწრებიან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, ასევე CAREC-ის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×