რეზონანსი
30.11.2023

უფრო მწვავედ შეიძლებოდა საუბარი - როგორც ჩანს, დარჩიაშვილმა ის თქვა, რა ჩარჩოც განუსაზღვრა მას პოლიტიკურმა გუნდმა,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მიერ ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.

როგორც ახვლედიანმა განმარტა, მინისტრს ტრიბუნა ეფექტურად უნდა გამოეყენებინა, მან უკეთესად იცის, რისი თქმა შეეძლო ეუთო-ს მინისტერიალზე.

„ორივე აქცენტი მნიშვნელოვანია, კარგია, რომ ითქვა. არ ვარ იმ პოზიციაში, რომ თუ რაღაც ნაწილი შეიძლება მოსაწონი იყოს დავიწუნო, მაგრამ, მაინც მრჩება საფუძვლიანი განცდა, რომ უფრო მწვავედ შეიძლებოდა საუბარი და ტრიბუნის ეფექტურად გამოყენება. მინისტრმა, როგორც ჩანს ის თქვა, რა ჩარჩოს განუსაზღვრა მას პოლიტიკურმა გუნდმა. მესმის, რომ მინისტრი თავის განცხადებებს ვერ გააკეთებს, კარგია, რომ ეს თქვა, მაგრამ დარჩიაშვილმა ჩემზე უკეთ იცის, რისი თქმა შეეძლო რეალურად ეუთოს მინისტერიალზე, მით უფრო მაშინ, როდესაც ლავროვი ესწრება",- აღნიშნა ახვლედიანმა.

არმაზ ახვლედიან ურჩევს ხელისუფლებას, რომ იყო ფრთხილი, მაგრამ გაბედული.

„უმთავრესი, რაც უნდა გვეთქვა მიმდინარე მწვავე თემებისა, უნდა იყოს, ის, რომ რუსეთი უმთავრესი, ფუნდამენტური პრობლემაა, ის აფერხებს ჩვენი ქვეყნის თავისუფალ, დამოუკიდებელ განვითარებას, მის სწრაფვას ევროატლანტიკური სივრცისკენ. ის ეწინააღმდეგება თავისი არსით საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს ინტერესებს. დარჩიაშვილის ნაცვლად რომ ვყოფილიყავი, ამას ვიტყოდი",-აღნიშნა ახვლედიანმა.

გარდა ამისა, არმაზ ახვლედიანმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ აქტივობაზეც ისაუბრა. კითხვაზე, ეთანხმება, თუ არა ვარაუდს, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური გეგმების განხორციელების ეტაპზეა, ახვლედიანი განმარტავს, რომ არ გამორიცხავს ზურაბიშვილმა არ დატოვოს პოლიტიკა და პირდაპირ წინასაარჩევნო პროცესში ჩაერთოს.

„სულ არ გამოვრიცხავ და არ გამიკვირდება, რომ ფორმალურად ქვეყნის პირველმა პოლიტიკოსმა, პრეზიდენტმა, გადაწყვიტოს, არ დატოვოს პოლიტიკა, როცა დასრულდება მისი ვადა, მანდატი. გადადგომით იქნება, თუ სხვა ფორმით, ალბათ, კონკრეტული გარემოებები აჩვენებს ამას. პრეზიდენტი რომც გადადგეს და პირდაპირ ჩაერთოს წინასაარჩევნო პროცესში, რაც არ უნდა გააკეთოს, სინამდვილეში, შესაძლოა ვერც ამან და ვერც სხვა პოლიტიკურმა აქტივობამ ოპოზიციურ ფლანგზე ვერ მოიტანოს სასურველი შედეგი, შედეგი უნდა იყოს ერთადერთი, ამ მავნე პოლიტიკური სისტემის დემონტაჟი და სრულიად ახალი, ჯერ რომ არ ყოფილა საქართველოში - წესიერებაზე, განათლებულობაზე, დემოკრატიულობაზე დამყარებული პოლიტიკური რეჟიმის შექმნა. ამისთვის საჭიროა თავგანწირვა და არა მხოლოდ სურვილების დემონსტრირება", - განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, მისი მანდატის ფარგლებში უნდა იყოს გარანტი, რომ 2024 წლის არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.

„მას შეუძლია ის, რომ შეასრულოს მაკონსოლიდირებელი ფუნქცია, ვალდებულია საერთაშორისო პარტნიორებს ესაუბროს 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. ეს ორი რამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია",- აღნიშნა ახვლედიანმა.

კითხვაზე, ხედავს, თუ არა, მსგავს თავგანწირვას ოპოზიციაში, ახვლედიანი განმარტავს, რომ ოპოზიციამ სისტემის დემონტაჟზე უნდა იფიქროს და არა პარლამენტში ვინ სად იქნება.

„ვერ ვიტყვი, რომ ვერ ვხედავ. ვერ დაუწუნებ პრეზიდენტს სითამამეს, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ იდეის ირგვლივ ყველა ჯანსაღი ძალის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, ვისაც მიაჩნია, რომ ჩვენ კი არ უნდა ვიფიქროთ, ვინ მოხვდება მომდევნო პარლამენტში, ვინ იქნება ოპოზიციურ პარტიებს შორის პირველი და მესამე, არამედ იმაზე, რომ სისტემის დემონტაჟი უნდა მოხდეს. არ დავსვათ აქ წერტილი. თუ აქ წერტილს დავსვამთ, საზოგადოება მხარს არ დაგვიჭერს. ბევრს დაუსვამს წერტილი ერთი სისტემის დემონტაჟით და ვერაფერი უკეთესი ვერ შეუთავაზებია. ახლა უმთავრესი გამოწვევაა ის, რომ შევძლოთ პასუხისმგებლობიანმა ოპოზიციონერებმა, საზოგადოებას ავუხსნათ, ეს მავნებლობა აღარ განმეორდება",- აღნიშნა ახვლედიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×