რეზონანსი
04.12.2023

უზრდელობა უვიცების მახასიათებელია და უვიცობაში ვერ შეგეჯიბრები - კითხვა არ გიყვარს კახი, ამიტომ წამოგიღე ფოტო, რომელიც „სისტრამ“ გააკეთა და მოგცა რეკომენდაცია, რომ ორი სამანქანო ზოლი უნდა იყოს და „ბასლაინი“. რომელი ქუჩა შეესაბამება ამ ვერსიას?! - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ თბილისის მერ კახა კალაძეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

ვაშაძე კალაძეს სთავაზობს, საღამოს, 18:00 საათზე, ქუჩაში ერთად გავიდნენ და გაიგონ, რას ფიქრობს მათზე და არსებულ პრობლემებზე ხალხი. მისივე თქმით, მზად არის მისთვის სასურველ ნებისმიერ ტელეარხზე დასხდნენ და ისაუბრონ „სისტრას“ რეკომენდაციებზე.

„მინდა მივმართო კახა კალაძეს, მე ნამდვილად ვერ აგყვები უზრდელობაში, იმიტომ, რომ არ მგონია, ეს არის ის სტანდარტი, რითაც პოლიტიკაში უნდა მოქმედებდე და გთავაზობ კახი - რას ფიქრობს ხალხი ჩემზე და შენზე რომ გავარკვიოთ, როცა შენ გინდა, დღეს ან ხვალ, 18:00 საათზე გავიდეთ ქალაქში, დავდგეთ იმ ადგილზე, სადაც შენ შექმენი მართლაც სატრანსპორტო კოლაფსი. თუ გინდა ჩავსხდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ გინდა გავესაუბროთ ხალხს და გავარკვიოთ, რას ფიქრობენ თბილისში მაცხოვრებლები შენზე და ჩემზე. მე მგონი, კარგი იქნება, შენივე ყურით მოისმინო, რა წარმოდგენის არის შენზე ხალხი. უზრდელობა კი უვიცების მახასიათებელია და უვიცობაში ნამდვილად ვერ შეგეჯიბრები ვერც ერთ შემთხვევაში. ახლა რაც შეეხება თბილისში არსებულ სატრანსპორტო კოლაფსს, რომელსაც უნდა დავარქვათ „კალაძის საცობები“, რომელიც არის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე მანქანებით გადაადგილების დროს. კითხვა არ გიყვარს კახი, ამიტომ წამოგიღე ფოტო, რომელიც „სისტრამ“ გააკეთა და მოგცა რეკომენდაცია, რომ ორი სამანქანო ზოლი უნდა იყოს და ე.წ ბასლაინი. რომელი ქუჩა შეესაბამება ამ ვერსიას, რომელიც ხელში მიჭირავს? ფოტოს გაჩვენებ, რადგან კითხვა არ გიყვარს, ან არ იცი! წაგიკითხავ „სისტრას“ მიერ გაკეთებულ რეკომენდაციას, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტაციაშია მოცემული: „მინიმალური შეზღუდვა სამანქანო მოძრაობისთვის - ყოველთვის შესაძლებელი უნდა იყოს სულ მცირე ორი სამანქანო ზოლი თითოეული მიმართულებით“. მე კითხვას ვსვამ, სად არის ეს: ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულსა და წერეთელზე, ან სხვა მიმართულებებზე, სადაც „ბასლაინებს“ აკეთებთ? „ბასლაინების“ წინააღმდეგი კი არ ვართ, პირიქით, მომხრე ვართ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს გამართული და ამას სჭირდება სისტემური მიდგომა. კახი, 2017 წელს, შენთან ერთად დებატებში ვიდექით, სადაც ვამბობდი, რომ ქალაქს სჭირდება სისტემური, სწორი მენეჯმენტი და მართვა იმისთვის, რომ კოლაფსი არ იყოს ქალაქში. დღეს ჩვენ გვაქვს სატრანსპორტო კოლაფსი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამშენებლო სექტორში, რაც გამოწვეულია შენი კორუფციული ქმედებებით. თუ ქუჩაში ხალხთან არ გამომყვები, ნებისმიერ დროს, მზად ვარ, შენთვის სასურველ ტელეარხზე, მაგალითად "იმედზე", "რუსთავი 2"-ზე, სადაც შენ თავს კომფორტულად გრძნობ, დავსხდეთ და ხალხის თვალწინ გავარჩიოთ ყველა რეკომენდაცია, თუ როგორ უნდა იმართებოდეს სატრანსპორტო პოლიტიკა ქალაქში,“ - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება „სისტრა“ ჯგუფის განცხადებას, ვაშაძის თქმით, „ესმის რომ მერიის კონტრაქტორები არიან და ასეთი განცხადება უნდა გააკეთონ“, თუმცა, ყველას შეუძლია წაიკითხოს დოკუმენტი, სადაც წერია 2 სამანქანო ზოლის აუცილებლობის თაობაზე.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ რასაც თბილისის მერია ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე და წერეთელზე აკეთებს, კომპანია „სისტრას“ უწერია, რომ არ შეიძლება.

„კალაძის გაუდაბურებული გზები ისეთ დღეში ჩაგვაგდებს, რომ შემდეგ საერთოდ ვერ გავივლით და რატომ ხდება ეს? უცხოური კომპანია „სისტრა“ ხომ დაიქირავეს და სულ მეგონა, რომ ეს უცხოური კომპანია რამ გააგიჟა, ასე გიჟურად როგორ დაგეგმა გზები-მეთქი და იცით, რომ იქ, სადაც ერთი მანქანის გზა რჩება, ერთი სამანქანო გზა რჩება, იქ „ბასლაინის“ გაკეთება არ შეიძლება ანუ რასაც აკეთებს ჭავჭავაძეზე, ქეთევან წამებულზე, წერეთელზე, პირდაპირ უწერია „სისტრას“, რომ არ შეიძლება, მაგრამ ეს მაინც აკეთებს, რადგან ამ ადამიანმა ფეხბურთში ხომ ბოლოს თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ ორი გოლი საკუთარ კარში გაიტანა და წერა-კითხვაც არ იცის, მგონი. კახი, წაიკითხე ბიჭო, რა დაწერა იმ კომპანიამ. მე წავიკითხე, სხვებმაც წაიკითხა, შენც წაიკითხე. თუ კითხვა არ იცი, გვერდზე დაიყენე, ბევრი ასისტენტი გყავს, წააკითხე და მოუსმინე“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის აღნიშნულ განცხადებას დღეს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა. კალაძის განცხადებით, ვაშაძე „დეგრადირებული და გაქსუებულია“. „პოლიტიკოსს ვერ ვუწოდებ“, - აღნიშნა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×