რეზონანსი
06.12.2023

დასავლეთის ძალისხმევა, შეეზღუდა რუსეთის შემოსავლები ნავთობის გაყიდვიდან არსებითად წარუმატებელი აღმოჩნდა, - წერს ამერიკული გამოცემა POLITICO.

გასულ წელს "დიდი შვიდეულის" სახელმწიფოებმა ერთი ბარელი რუსული ნავთობის ფასს 60-დოლარიანი ზედა ზღვარი დაუწესეს, თუმცა დაწესებული ლიმიტის გვერდის ავლა, ხარვეზების გაჩენა და საწვავის ბიზნესი ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ გამოიმუშავებს მილიარდებს ნავთობის ექსპორტიდან, რაც მას ომის გასახანგრძლივებლად შეუძლია გამოიყენოს.

"ეს არ ნიშნავს, რომ ზღვრული ფასის დაწესებას არანაირი ეფექტი არ მოჰყოლია. გასული წლის განმავლობაში, კრემლს აღნიშნული ლიმიტის დაწესება 34 მილიარდი ევრო დაუჯდა [საექსპორტო შემოსავალი], რაც მიმდინარე წლის დაახლოებით ორი თვის შემოსავლის ექვივალენტია", - წერს გამოცემა POLITICO ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CREA) ახალ ანალიზზე დაყრდნობით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ლიმიტის დამწესებლები იმედოვნებდნენ - უფრო მეტიც, რუსული ნავთობი ახლა იყიდება ფასად, რომელიც აღემატება დაწესებულ ლიმიტს.

"ფასის ლიმიტის გავლენა შეზღუდულია არასაკმარისი მონიტორინგისა და აღსრულების გამო", - განაცხადეს ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის საერთაშორისო ცენტრში (CREA).

ახალი ანალიზი ასევე ცხადყოფს, რომ ტრეიდერები უგულებელყოფენ ზღვრულ ფასს, ხოლო რუსული ნავთობის ერთი ბარელის ღირებულება ახლა დაახლოებით 70 დოლარს შეადგენს.

ანალიზში ასევეა საუბარი ე.წ. "გადამუშავების ხარვეზზე", რამაც ძირი გამოუითხარა დასავლეთის ძალისხმევას, შეეზღუდა რუსეთის შემოსავლები ნავთობის გაყიდვიდან. კერძოდ, ინდოეთი ყიდულობს რუსული ნედლი ნავთობის დიდ მოცულობას იაფად, ამუშავებს მას და შემდეგ ყიდის შეზღუდვების გარეშე.

ევროკავშირის ერთმა დიპლომატმა გამოცემა POLITICO-ს განუცხადა, რომ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შეზღუდული გავლენა გულდასაწყვეტია, მაგრამ არ არის მთლად გასაკვირი.

ევროკავშირის ქვეყნები ახლა განიხილავენ ახალ გზებს, რათა გამკაცრდეს დაწესებული ზღვრული ფასის აღსრულება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×