რეზონანსი
12.12.2023

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, 27-ვე ევროპული ქვეყნის მხარდაჭერა აქვს. უკვე მეორე დღეა, აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალზე, საქართველო პოზიტიურ გზავნილებს იღებს. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროგაერთიანების წევრი ქვეყნები გაფართოების პოლიტიკის აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს, რაც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი იმპულსია. 14-15 დეკემბერს ისტორიულ სამიტი დააანონსა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმაც. მაროშ შეფჩოვიჩი დარწმუნებულია, რომ ევროპელი ლიდერები ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით აღებულ გეზს შეინარჩუნებენ. საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ საბჭოზე პრიორიტეტულად მიიჩნევენ სკანდინავიური ქვეყნები. მათი თქმით, ევროკავშირმა ასპირანტი ქვეყნების გეოპოლიტიკური მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამ სახელმწიფოებისთვის ძირითადი საფრთხე რუსეთიდან მოდის.ნ საქართველოს მიმართ განსაკუთრებით პოზიტიური იყო დღეს ევროპის საკითხებში ხორვატიის სახელმწიფო მდივანი. პოლიტიკოსმა საზოგადოებისა და ხელისუფლების სწრაფვა ევროპული მომავლისკენ დადებითად შეაფასა. ხორვატი დიპლომატის აზრით, კანდიდატის სტატუსის დამსახურებული მინიჭება, საქართველოსთვის რეფორმების გზაზე ახალი იმპულსი იქნება. 14-15 დეკემბერს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მხარდამჭერი იქნება რუმინეთი და ლატვიაც. მინისტერიალის მონაწილე დიპლომატები - საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მხარდაჭერას საკუთარი მოქალაქეების დაკვეთასაც კი უწოდებენ. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი უკვე მეორე დღეა იმართება. დიპლომატები ევროკავშირის გაფართოების საკითხთან ერთად, 2024 წლის მუშაობის ძირითად პრიორიტეტებსაც განიხილავენ, რომელმაც ერთობლივი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების განხორციელება უნდა დააჩქაროს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×