რეზონანსი
15.12.2023

საქართველოს პარლამენტის წინ ქვეყნის მთავარი  ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენით გაიხსნა, რომელიც მაყურებელს შობის ამბავს და ნაძვის ხის დადგმის ტრადიციას უამბობდა.

შოუს დასრულების შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა: „მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ამ ულამაზესი, ჯადოსნური ქალაქის მკვიდრნო. მივესალმები ჩვენს სტუმრებს რეგიონებიდან და უცხოეთიდან. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. ძალიან კარგად მესმის, თუ რამდენად დიდია მათი სურვილი, დაბრუნდნენ საქართველოში და ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან შინ, ევროპაში. 

დღეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს უახლეს ისტორიაში. მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს არის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის დამსახურება, ეს არის იმ ბრძოლის შედეგი, რომელიც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში გამოვიარეთ. მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა ადგას იმ მნიშვნელოვან გზას, რასაც ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი ჰქვია“.

„ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით და ერთად ვანათებთ ჩვენს ჯადოსნურ, ულამაზეს დედაქალაქს, ვანთებთ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს და ეს არ არის უბრალოდ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. 

რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ჩავიფიქროთ სურვილები, რომ ხვალინდელი დღე იყოს კიდევ უფრო უკეთესი, გვქონდეს მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, დღეგრძელობა, ბედნიერება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ამ ქვეყანაში მცხოვრებმა თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონია იტალიელი მუსიკოსის, სტეფანო სინიორონის  და მისი ბენდის კონცერტით გაგრძელდა.

ჯადოსნურ შოუში მონაწილეობდნენ ანსამბლი „მეტეხი“, ⁠თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების ცენტრის სპორტსმენები, მსახიობი დათო დარჩია, თბილისის ბავშვთა კაპელა, მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია, და ⁠მოცეკვავეთა დასი ნატალი კიკალეიშვილისა და ნინო ქუთათელაძის ხელმძღვანელობით. ღონისძიების წამყვანები იყვნენ ლევან ხურცია და ნანიკო ხაზარაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×