რეზონანსი
18.12.2023

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ 2 წლის ბავშვს ოპერაცია უტარდება.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ოპერაცია ხანგრძლივია და მას დაახლოებით 13 საათი დასჭირდება. მისივე ინფორმაციით, ბავშვი კერძო კლინიკა "კარაპს მედლაინში", იმყოფება, სადაც თავზე კანს გადაუნერგავენ.

„ოპერაცია დიდხანს გაგრძელდება, 13 საათიანი ოპერაციაა. ჩვენ რაც გავაკეთეთ, იყო პირველადი შეფასება, ნეიროქირურგიული ჩარევა. დაზიანებული კანის მოცილება და გასუფთავება. დაზიანების დიდი მოცულობის გამო, ინფექციის გავრცელების რისკი იყო. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. პლასტიკურმა ქირურგმა შეაფასა ბავშვის მდგომარეობა და გადაწყდა პლასტიკური ოპერაციის ჩატარება. ოპერაცია დაწყებულია და დასრულების შემდეგ დაბრუნდება ჩვენთან კლინიკაში",- აღნიშნა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, 15 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა. შემთხვევის დროს, ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ ძაღლი თავდაპირველად თავს დაესხა უფროს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მეზობელთან ერთად ცდილობდა დაკბენილი ბავშვის მანქანაში ჩასმას და კლინიკაში გადაყვანას, ძაღლი მეორე, ორი წლის ბავშვს დაესხა და სერიოზული დაზიანებები მიაყენა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძაღლი სოფელში რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს. მათივე თქმით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მთელ მუნიციპალიტეტში არის და შესაბამის სამსახურს მოუწოდებენ, აღნიშნული პრობლემა მოაგვარონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×