რეზონანსი
18.12.2023

25 საერთაშორისო ჯილდო და 14 ნომინაცია - ოთარ იოსელიანი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კინორეჟისორია. მისმა პირველივე სრულმეტრაჟიანმა ფილმმა - "გიორგობისთვე", კანის კინოფესტივალზე, საუკეთესო დებიუტისთვის ფიპრესის და ჟორჟ სადულის პრემიები დაიმსახურა.

"აპრილი", "იყო შაშვი მგალობელი", "გიორგობისთვე", "პასტრალი", "საპოვნელა" - იოსელიანის ფილმოგრაფია ოცდაათამდე სრულმეტრაჟიან, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიან ნამუშევარს ითვლის. ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში, კინორეჟისორის ფილმების მთავარი სათქმელი საბჭოთა პერიოდისთვის ზედმეტად ხმამაღალი აღმოჩნდა. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, იოსელიანს საყვარელი საქმიანობა არასდროს შეუწყვეტია. მეტიც, მას გადასახლებიდან დაბრუნებული მამაც კი აძლევდა ბიძგს, ეკეთებინა ის, რაც სიამოვნებას ანიჭებს.

გაფრთხილებების შემდეგ იყო პირდაპირი მოწოდება - ან შეეცვალა ფილმების შინაარსი, ან წასულიყო საზღვარგარეთ.

ასეც მოიქცა. 80-იან წლებში ემიგრაციაში წავიდა და ფილმების გადაღება საფრანგეთში განაგრძო, თუმცა ოთარ იოსელიანის შემოქმედება ყოველთვის საქართველოსთან იყო დაკავშირებული.

რეჟისორზე წარსულ დროში საუბარი კოლეგებს უჭირთ. იუმორი, ეთიკა, დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ - სწორედ ამ ეპითეტებით ახასიათებს ოთარ იოსელიანს რეჟისორი ლევან კოღუაშვილი.

ყველაზე ტიტულოვანი ქართველი რეჟისორის გარდაცვალებას ეროვნული კინოარქივიც ეხმაურება. ოთარ იოსელიანმა, ზუსტად 2 წლის წინ, საფრანგეთში წაღებული ფირები გააციფრულა და საკუთარი ფილმების მაღალი ხარისხის ასლები არქივს თავადვე გადასცა. საუბარია 1950-იანი წლებიდან 2015 წლამდე, საქართველოსა და საფრანგეთში გადაღებულ 21 დოკუმენტურსა და მხატვრულ ფილმზე.

ოთარ იოსელიანს ოჯახის წევრები და ახლობლები უკანასკნელ გზაზე ხვალ გააცილებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×