რეზონანსი
19.12.2023

რადიო „თავისუფლება“ შეეცადა გაერკვია, ვინ მართავს ექსპრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიდან, რმელიც რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა:

"მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური გვერდის ყოფილი ადმინისტრატორი, რომელიც რადიო „თავისუფლებას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გვერდის მმართველები შეიცვალნენ.

"ვინც ნიკა მელიას გუნდის წევრად მოიაზრებოდა და ვისაც მე ვიცნობდი, ამ გვერდის ე.წ. ადმინები აღარ არიან, არ მაქვს ინფორმაცია, რა ფორმით ჩამოაცილეს მართვას", - ამბობს ის და ეჭვობს, რომ ახალი მენეჯმენტი განცხადებების შინაარსსაც ცვლიდა.

მაგალითად, პარტიაში კრიზისის დროს სააკაშვილის ფეისბუკგვერდიდან ნიკა მელიაზე დაწერილი პოზიტიური განცხადების გაქრობა მოჰყავს.

"გვერდზე სააკაშვილის სურვილის საწინააღმდეგოდ არც შემთხვევით განთავსდებოდა რაიმე და არც შემთხვევით წაიშლებოდა. თუ ვინმე იტყვის, რომ შემთხვევით წაეშალათ, ეს ტყუილია, ყველა პოსტს აქვს აღდგენის ფუნქცია", - ამბობს წყარო.

პარტიაში ამბობენ, რომ სააკაშვილის გვერდის მართვა მათი ფუნქცია არ არის, და არც გვერდის ადმინისტრატორების ვინაობაა საჯარო, რაც "სტრატეგიული კომუნიკაციისა და უსაფრთხოების საკითხიაო".

და მაინც, ვინ მართავს სააკაშვილის ფეისბუკგვერდს?

გვერდის ყოფილი ადმინისტრატორი ორ ადამიანს ასახელებს: ივერი ბალახაშვილსა და ნიკოლოზ გაბელაიას. მისი ინფორმაციით, სწორედ ისინი არიან მიხეილ სააკაშვილის გვერდის ამჟამინდელი ადმინისტრატორები. მენეჯერის ფუნქციას, ანუ მართვას კი გიორგი ჩალაძე ითავსებსო.

მართალია, იმავეს გვიდასტურებენ "ნაციონალური მოძრაობის" ახლანდელი და ყოფილი წევრების ნაწილი, მაგრამ ივერი ბალახაშვილიცა და ნიკოლოზ გაბელაიაც უარყოფენ ამ ინფორმაციას.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ივერი ბალახაშვილი ვანო მერაბიშვილის ნათესავია.

ერთ-ერთი იმ პარტიულ აქტივისტებს შორის, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხიდან გათავისუფლებულ მერაბიშვილს დახვდა.

ივერი ბალახაშვილი რადიო თავისუფლებასთან უარყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის გვერდს მართავს და განმარტავს, რომ მხოლოდ პარტიის ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელია.

ნიკოლოზ გაბელაია "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტია. აქტიურად არის ჩართული კამპანიაში "თავისუფლება მიშას". ამბობს, რომ ფეისბუკზე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ჯგუფების მმართველია და ექსპრეზიდენტის ფეისბუკზე წვდომა არასდროს ჰქონია.

გიორგი ჩალაძე რადიო თავისუფლებას ინტერვიუზე დათანხმდა, თუმცა დათქმული ვადიდან ორ კვირის შემდეგაც აღარ პასუხობს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს.

გენეტიკის ეროვნულ ლაბორატორიაში მისვლის მიუხედავად, ის არც რადიო თავისუფლების ჟურნალისტს შეხვდა: ტყუილად არ დამელოდოთო.

tia.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×