რეზონანსი
20.12.2023

გვექნება კონსულტაციები როგორც ევროკომისიასთან, ასევე, ამ ორგანიზაციებთან, გავმართავთ შეხვედრებს და კონკრეტული საკითხები გამოიკვეთება. ჩვენი მოლოდინია და სწორება, რომ ამ ორგანიზაციების შეფასება ეფუძნებოდეს ევროპულ, სამართლებრივ მიდგომებს, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ სწორედ ევროკომისიასთან შეთანხმებით გადავაგზავნეთ ამ ორგანიზაციებში [ვენეციის კომისიაში და ეუთო-ოდირში] საექსპერტო, პროფესიული მოსაზრებებისთვის კანონპროექტები, რომლებიც უკავშირდებოდა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებას, რომელიც შეეხებოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომ გაძლიერებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და ა.შ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ ჩვენივე ინიციატივით ვენეციის კომისიასთან, ეუთო/ოდირთან გვქონდეს კომუნიკაცია და კონსულტაცია, რათა გვქონდეს პროფესიული მოსაზრება. ჩვენი ამ ნაბიჯის შედეგად მოლოდინი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ გვჭირდება პროფესიული მოსაზრებები ამ ორგანიზაციებისგან. შესაბამისად, გვექნება კონსულტაციები როგორც ევროკომისიასთან, ასევე ამ ორგანიზაციებთან, გავმართავთ შეხვედრებს და კონკრეტული საკითხები გამოიკვეთება. ჩვენი მოლოდინია და სწორება, რომ ამ ორგანიზაციების შეფასება უნდა ეფუძნებოდეს ევროპულ, სამართლებრივ მიდგომებს. სწორედ ამ მოტივით გადავაგზავნეთ ამ ორგანიზაციებში საექსპერტო მოსაზრებისთვის ეს კანონპროექტები, რომ მათი მხრიდან ჩვენ მიგვეღო პროფესიული, სამართლებრივი საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისი მოდელებით გაჯერებული რეკომენდაციები და ეს უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკური შეფასებებისგან“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

დეპუტატის თქმით, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობა საუბრობს იმაზე, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნებს ლაიტმოტივად გასდევს პოლიტიკური შემოთავაზებები, ამის ფაქტების მოყვანაც შეუძლია.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ დასკვნებს გასდევს ლაიტმოტივად პოლიტიკური შემოთავაზებები, ამას ვამბობთ კონკრეტულ ფაქტებზე და რეკომენდაციებზე დაფუძნებით. მაგალითად, როდესაც საუბარია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე უნდა იყოს არჩეული კვალიფიციური უმრავლესობით, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი არჩეული უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობით პარლამენტის მიერ, აქ ვსვამთ შეკითხვას, რომელი ევროპული სტანდარტიდან გამომდინარეობს, რომ თუ ცესკო-ს თავმჯდომარე არჩეული არ არის კვალიფიციური უმრავლესობით, სრულ კონსენსუსზე დაფუძნებით, ან ანტიკორუფციული სამსახურის ეკვივალენტი სამსახურის ევროპული სამსახურების ხელმძღვანელები ასე არ არიან არჩეულები, სად მიიჩნევა, რომელ ევროპულ ქვეყანაში, რომ ეს არ არის ლეგიტიმური და ეს არ არის სწორი“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და ოდირის ერთობლივ დასკვნაში წერია, რომ შეთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×