რეზონანსი
20.12.2023

მთავრობის დაპირება, რომ მედიკამენტების ფასებს 40 %-ს დააკლებდნენ, არ გამოუვიდათ. დაპირება, რომ თურქული მედიკამენტები იქნებოდა ძალიან იაფი და ხელმისაწვდომი, ჩავარდა, ამავე დროს გაჩნდა „შავი ბაზარი", - ამის შესახებ „ლელოს" წევრმა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძემ განაცხადა.

შესაბამისი განცხადებით, ვატო სურგულაძე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც საუბარია, რომ მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება.

როგორც სურგულაძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „რეზიუმე" განაცხადა, ფარმაცევტული ბიზნესი ორიენტირებულია მოგებაზე, ამიტომ ფასები მუდმივად გაიზრდება.

„წამლის ფასი მუდმივად მოიმატებს. პრობლემა არის ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შემოსავალი აქვთ დაბალი და ეს შემოსავალი არ იზრდება. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა. არ მგონია, რომ 3000%-იანი ფასნამატი იყოს წამლებზე. ფარმაცევტული ბიზნესი მსოფლიოში შემოსავლით მეორეა, იარაღის გაყიდვების შემდეგ. ეს არის ბიზნესი, რომელიც ორიენტირებულია მოგებაზე. ვინც ამ ბიზნესშია, მედიკამენტებს ყიდულობენ ან ევროში, ან დოლარში, ამიტომაც ნებისმიერი ცვლილება ლარის მიხედვით, რა თქმა უნდა, იზრდება", - განაცხადა სურგულაძემ.

როგორც სურგულაძე აცხადებს, რეფერენტული ფასების შემოღებამ შემოიტანა ის, რომ ევროპული მედიკამენტები ბაზრიდან გადის, რამაც „შავი ბაზრის" გაჩენას შეუწყო ხელი.

„ბაზრის ძირითადი კანონი აქაც მუშაობს - თუ არის მოთხოვნა, გაიყიდება. პოლიტიკური მომენტია, მთავრობის დაპირება, რომ მედიკამენტების ფასებს 40 %-ს დააკლებდნენ, არ გამოუვიდათ. თურქული მედიკამენტების პროექტი, სრულად ჩავარდა. დაპირება, რომ თურქული მედიკამენტები იქნებოდა ძალიან იაფი და ხელმისაწვდომი, ჩავარდა. რეფერენტული ფასების შემოღებამ შემოიტანა ის, რომ ევროპული მედიკამენტები ბაზრიდან გადის.

ამავე დროს გაჩნდა „შავი ბაზარი". სააფთიაქო რიგია „ვაგზალთან" არსებულ ბაზრობაზე. ნებისმიერ მედიკამენტს იშოვი, რომლებიც აფთიაქებში აღარ არის. ჩემოდნით შემოტანილი მედიკამენტებია. ეს საშიშროებები რეფერენტულ ფასებს ახლდა. იგივე მოხდა მოლდოვაში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, რუსეთში...ევროპული ხარისხიანი მედიკამენტი ბაზრიდან გადის და გაჩნდა „შავი ბაზარი",- განაცხადა სურგულაძემ.

მისივე მოსაზრებით, გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ წამლები ბაზარზე მხოლოდ 3 დომინანტ კომპანიას კი არ უნდა შემოჰქონდეს, არამედ მცირე კომპანიებსაც.

„ფარმაცევტული ბაზრის 80-90%-ი უჭირავს 3 დიდ კომპანიას. 300-მდე დისტრიბუტორია, რომლებიც ამათთან არიან დაკავშირებულები და არა სხვებთან. რას აკეთებს სახელმწიფო იმისათვის, რომ ეს კარტელური გარიგებები არ მოქმედებდეს? კარტელური გარიგების დამტკიცება ძალიან რთულია. სახელმწიფო ახლა თავს იმართლებს, იმასთან დაკავშირებით, რომ თავისი დაპირება, მედიკამენტებზე 40%-იანი ფასდაკლების შესახებ, ვერ შეასრულა. თავს რით იმართლებს? რა თქმა უნდა, ისევ ბიზნესია დამნაშავე, ისევ ფარმაცევტული კომპანიებია დამნაშავეები", - განაცხადა სურგულაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×