რეზონანსი
21.12.2023

ჩვენს ქვეყანაში უმრავლესობა აქვს ერთ პარტიას. შესაბამისად, ერთი პარტიის მხრიდან დანიშვნა, თუ არჩევა პარლამენტში, რა თქმა უნდა, პრობლემურია, - ამის შესახებ ISFED-ის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში" ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მთავრობის ხელმძღვანელის ნაცვლად, პარლამენტმა უნდა დანიშნოს.

ნინო დოლიძის თქმით, საქართველოში წლების განმავლობაში პრობლემაა, რომ ხელმძღვანელების არჩევის, თუ დანიშვნის წესები იძლევა შესაძლებლობას, რომ მათი დანიშვნა თუ არჩევა მხოლოდ ერთპარტიული მხარდაჭერით მოხდეს.

„ამ კვირაში მნიშვნელოვანი დასკვნები დაიდო ვენეციის კომისიის და ასევე, ეუთო/ოდირის მხრიდან ინსტიტუციასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, ევროკავშირის რეკომენდაციებშიც წერია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო უწყებების დამოუკიდებლობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და ცხადია, ის თანხვედრაშია იმ მოსაზრებებთან, რაც სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდა.

იმისათვის, რომ საქართველომ უზრუნველყოს სახელმწიფო უწყებების დამოუკიდებლობა, ძალიან მნიშვნელოვანია მრავალპარტიული მხარდაჭერა და კონსენსუსი, რადგან ჩვენს ქვეყანაში უმრავლესობა აქვს ერთ პარტიას, შესაბამისად, ერთი პარტიის მხრიდან დანიშვნა იქნება, თუ არჩევა პარლამენტში, რა თქმა უნდა, არის პრობლემური. ამიტომ, ანტიკორუფციულ ბიუროში საუბარია იმ ნაწილთან, რომ მისი არჩევა მოხდეს საქართველოს პარლამენტის მიერ მაღალი კვორუმით, ან მაღალი კვორუმით, მაგრამ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იყოს არჩეული ადამიანი, რომელიც იქნება მრავალპარტიული მხარდაჭერით, კონსენსუსით და არ იქნება რომელიმე პარტიის ინტერესის გამტარებელი, რადგან წლების განმავლობაში ჩვენ სწორედ ეს პრობლემა გვაქვს, რომ ხელმძღვანელების არჩევის თუ დანიშვნის წესები იძლევა შესაძლებლობას, რომ მხოლოდ ერთპარტიული მხარდაჭერით მოხდეს. შემდეგ უკვე ჩნდება კითხვა დამოუკიდებლობის, ამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა [კითხვის ნიშნის ქვეშ დგება]. ახლა პრემიერს შეუძლია მისი დანიშვნა-გათავისუფლება და, შესაბამისად, ნამდვილად არის კითხვები, რამდენად დამოუკიდებელი იქნება ხელმძღვანელი", - განაცხადა ნინო დოლიძემ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის კონტექსტის და იმის გათვალისწინებით, რომ ცესკო-ს ყველა მხარე ენდობოდეს, მნიშვნელოვანია მისი მრავალპარტიული კონსენსუსით დაკომპლექტება.

„იყო შარლ მიშელის შეთანხმება, სადაც მეტ-ნაკლებად ისეთი დაკომპლექტების წესი იქნა მიღებული, რომელსაც ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისიაც მიესალმებოდა და რა იყო აქაც მთავარი იდეა - მივდივართ ისევ ქვეყანაში არსებული პრობლემის მოგვარებაზე. ჩვენ უბრალოდ ცვლილებები ხომ არ გვჭირდება, რომ ფურცელზე უბრალოდ ეწეროს, ცვლილებები იმისთვის გვჭირდება, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები მოაგვაროს. აქ არსებული პრობლემა არის საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა, იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული წევრების არჩევა ხდება ხოლმე ერთპარტიული უმრავლესობით და ორი წლის წინ მიღებული შეთანხმება სწორედ ეს იყო, რომ მრავალპარტიულად მაღალი კვორუმით ყოფილიყო ცესკო-ს პროფესიული წევრები და თავმჯდომარე არჩეული.

ფაქტობრივად, ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი ამბობს, რომ დაუბრუნდით შარლ მიშელის დოკუმენტის პრინციპებსო, რაც არის მაღალი კვორუმით კონსენსუსი", - აღნიშნა დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×