რეზონანსი
23.12.2023

ღაზა მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა, ნუსერატის დევნილთა ბანაკში ასეთ საჰაერო თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ბურეიჯში მცხოვრებ პალესტინელებს კი ინტენსიური სახმელეთო ოპერაციის გამო სამხრეთით ევაკუირება მოუხდათ. 20 000-ზე მეტი დაღუპული, 50 000 დაჭრილი - ასეთია ომის 77-ე დღე ღაზაში.

გაერო ვეღარ გადადებდა, გადაწყვეტილება მისაღები იყო. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ორგანიზაციამ ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციის მიღება შეძლო. დოკუმენტი, რომელიც თავიდან ბოლომდე არავის მოსწონს, თუმცა ვერავინ ეწინააღმდეგება. ის მხარეებისგან გახანგრძლივებულ პაუზასა და ჰუმანიტარული დერეფნის უზრუნველყოფას მოითხოვს. აგრეთვე ღაზაში დახმარების შესვლის მიზნით კოორდინირების აუცილებლობას უსვამს ხაზს. ხაზგასმულია ტყვეების უპირობოდ და დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობაც. გვხვდება ახალი ჩანაწერი იმის შესახებ, რომ მხარეებმა საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად შესაბამისი პირობები უნდა შექმნან.

ისრაელი არაა ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ტექსტში სერიოზულ ხარვეზებს ხედავს.

მისი პარტნიორი აშშ-იც იმედგაცრუებულია იმით, რომ 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმა და "ჰამასის" დაგმობა წინადადებებში ვერც ამჯერად ამოიკითხა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის ავტორებმა, რეზოლუციის ენა, სწორედ შტატების მორიგი ვეტოს თავიდან ასარიდებლად შეცვალეს. უკვე განახლებული დოკუმენტის გატანას ვაშინგტონმა ხელი აღარ შეუშალა და ამჯერად კენჭისყრისგან თავი შეიკავა. იგივე გააკეთა რუსეთმაც.

ცახალი ამბობს, რომ სამხედრო ამოცანებს წარმატებით ახორციელებს. მხოლოდ ბოლო 1 კვირაში 200 ტერორისტი აიყვანეს, ჯამში 700 დამნაშავე "ჰამასიდან" და "ისლამური ჯიჰადიდან". ამასთან, ვრცელდება კადრები იმ მიწისქვეშა ლაბირინთებიდანაც, რომლებსაც ტერორისტები ოპერაციების დასაგეგმად და სამალავად იყენებენ. უცნობია რამდენს, თუმცა მათ ნაწილს უკვე "ცახალი" აკონტროლებს.

"იუნისეფი" ამბობს, რომ ღაზა ახლა შიმშილის პირასაა და 500 000 ადამიანი პრაქტიკულად საკვების გარეშეა დარჩენილი. მილიონობით ადამიანის მძიმე ჰუმანიტარულ პირობებს ამძიმებს ის ფაქტიც, რომ ვეღარ ფუნქციონირებს სამედიცინო დაწესებულებები. ამასთან, სულ უფრო ჭირს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, ამაში გაეროს გენმდივანმა დღეს ისრაელი დაადანაშაულა.

თავად "ჰამასი", რომელიც პალესტინელ ხალხს ცოცხალ ფარად იყენებს, ღაზის მოსახლეობის ტრაგედიაში საკუთარ პასუხისმგებლობას არ აღიარებს და არც უკან დახევას გეგმავს. მათი ბოლო განცხადებით, არც ასობით მძევლის გათავისუფლებას გეგმავენ, "ცახალის" სამხედრო მოქმედებებს დასრულებამდე. ისრაელის წინააღმდეგ ლიბანისა და ირანის პერიოდული გააქტიურება კი ახლო აღმოსავლეთს კიდევ უფრო ცეცხლსაშიშს ხდის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×