რეზონანსი
25.12.2023

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის, ჯარის დისკრედიტაცია მიმდინარეობს, რასაც უწყება რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დეზინფორმაციები ვრცელდება ჯარიდან გადინებისა და ჯარისკაცების ფორმების ხარისხთან დაკავშირებით.

„ჯარის დისკრედიტაციას, ჩვენთან მიმდინარე რეფორმების დისკრედიტაციის რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ. რადიკალურად გამორჩეულ ტელევიზიებს ბოლო ერთი თვის განმავლობაში სხვა საქმე აღარ აქვთ და ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის, ჯარის დისკრედიტაციას ეწევიან. მინდა, გამოვეხმაურო ორ საკითხს, ერთი არის ჯარიდან გადინების საკითხი, მეორე კი ჩვენი წარმოების მიერ შეკერილი, დამზადებული პროდუქციის ხარისხს ეხება.

მიმდინარე წელს 1 600 ადამიანი დაემატა საკონტრაქტოზე ჯარს. ეს არსებითად მაღალი მაჩვენებელია იმ რეკორდულ ციფრებთან მიმართებითაც კი, რაც დეკადების განმავლობაში ყოფილა. 1 600 ადამიანი მოვიდა და ზუსტად იმიტომ დაინტერესდა, რომ მათ იციან, როგორ ზრუნავს ჩვენი ხელისუფლება ჯარისკაცებზე, რა სოციალური და სხვა პირობები გვაქვს შექმნილი თავდაცვის უწყებაში. ასეთი ტენდენცია, შედეგი თავდაცვის სამინისტროს არ ჰქონია, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ ოთხი წლის წინ, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს დავიწყეთ თავდაცვის სამინისტროზე განსაკუთრებულად ზრუნვა. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გრძელდება და სწორედ ამის შედეგია ის, რაც აღვნიშნე.

ასევე აბსურდული ბრალდებაა „ტექსტილის" ხარისხთან დაკავშირებით. 50-ზე მეტი დასახელების საქონელი არის მოწოდებული და შექმნილი „დელტა ტექსტილის მიერ" . რა ხდებოდა აქამდე? 50 დასახელების საქონლიდან 20-ის მიღება გვიჭირდა, დანარჩენს კი, ხშირ შემთხვევაში, უხარისხოს ვიღებდით. ქსოვილთან დაკავშირებით ვითხოვდით მხოლოდ ლაბორატორიას და საბოლოო ჯამში, ეს ხარსიხის გარანტი არ იყო.

რა შედეგი გვაქვს ამ მიმართულებით, ყველზე მარტივად დასანახია აღლუმებზე. ნებისმიერი წელი აიღეთ, არ ვგულისხმობ ბოლო ორ და სამ წელს, ნახეთ, აღლუმებზე როგორ უნიფორმებში დგანან ჩვენი სამხედროები. ასევე ნახეთ, განსაკუთრებით წინა ხელისუფლების პერიოდში რა ფეხსაცმელი ეცვათ - გახუნებული ფეხსაცმელი, რომელსაც ძირი ძვრებოდა, ტანსაცმელი, რომელიც ერთ გარეცხვაში იყო გაცვეთილი. ბოდიში, მაგრამ ეს იყო შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ჩვენი ჯარისკაცების მიმართ. ახლა ნახეთ, როგორია ჩვენი ჯარისკაცების უნიფორმა, ჩაცმულობა.

ასევე, მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ ეს პროცესი ძალიან ცოცხალი პროცესია. იცვლება ყოველდღიური ფორმები, სააღლუმე ფორმები. პრაქტიკაში ტესტირება - ზურგჩანთების და ყველა ამ საგნის პრაქტიკაში ტესტირება გაცილებით დიდ შედეგს გვაძლევს. ს საბედნიეროდ, არის ობიექტური მედიასაშუალებები, რომლებმაც გააშუქეს დღეს და კომენტარებს აკეთებდნენ თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები იმის შესახებ, რა იყო და რა გვაქვს დღეს", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ასევე ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია თავდაცვის უწყებიდან დათხოვნილ თანამშრომლებთან დაკავშირებით.

„გაჟღერებული იყო, თითქოს თანამშრომელი დათხოვნილი იყო იმის გამო, რომ ხარისხის კონტროლი იწუნებდა კონკრეტულ ხარისხს, საქონელს. ესეც აბსურდია. სასამართლო დავა გადაწყდა შემდეგნაირად, რომ თავიდან გვემსჯელა. ის, რომ ჩვენ შტატი გადავაკეთეთ სამხედრო შტატად, ესეც ერთ-ერთი პირობაა იმისა, რომ ხარისხის შემოწმების დროს მეტად იყოს ჩართული სამხედრო მოსამსახურეები. ჩვენ ორ თანამშრომელს შორის შევაჩერეთ არჩევანი იმ თანამშრომელზე, რომელიც უფრო გამოცდილია ხარისხის კონტროლში და მეტი კვალიფიკაცია აქვს. ეს არის იმ დეზინფორმაციის და კამპანიის ნაწილი, რაც ორგანიზებულად იმართება ჩემი და ჩემი უწყების წინააღმდეგ", - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×