რეზონანსი
27.12.2023

„როგორც გველი კანს, რუსული პროპაგანდა საქართველოში ისე იცვლის პროპაგანტისტებს, ორგანიზაციებს, მაგრამ არ იცვლება მთავარი, რომ როგორმე საქართველო, რომელმაც გაბედა საკუთარი ხალხისა და მოსახლეობის დაცვა, დაადანაშაულონ აგრესიაში" - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე „ხალხის ძალის“ მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას. 

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული განცხადება რუსული პროპაგანდის ნაწილია. მისივე თქმით, საქართველოს 2008 წლის ომში დადანაშაულების მცდელობა ღალატის ტოლფასია:

“რაც შეეხება ე.წ “ხალხის ძალის”, ანუ იგივე “ქართული ოცნების” დღეს გავრცელებულ განცხადებას, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის რუსული პროპაგანდისტული გზავნილების ტირაჟირება. 

როგორც გველი კანს, რუსული პროპაგანდა საქართველოში ისე იცვლის პროპაგანტისტებს, ორგანიზაციებს, მაგრამ არ იცვლება მთავარი, რომ როგორმე საქართველო, რომელმაც გაბედა საკუთარი ხალხისა და მოსახლეობის დაცვა, დაადანაშაულონ აგრესიაში. 

თავდაპირველად “პატრიოტთა ალიანსი” ახმოვანებდა ამ გზავნილებს, შემდეგ “ალტ-ინფო”, ფრიდონ ინჯია და ახლა “ხალხის ძალა” და “ქართული ოცნება”. როგორც  სტრასბურგის, ასევე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ საქართველო გაამართლა და ნებისმიერი რევიზიის მცდელობა ამ საკითხებში და საქართველოს დადანაშაულება ახდენს ამ ხალხის, ამ ძალების ლუსტრაციას, რომ ისინი 30 ვერცხლის სანაცვლოდ ღიად დაადგნენ საქართველოს ღალატის გზას. 

არ ავყვეთ ამ პროპაგანდას, საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ხალხმა გაიმარჯვა ამ ბრძოლაში და ჩვენ ერთად, აუცილებლად მოვიტანთ ნამდვილ მშვიდობას ევროკავშირთან ერთად” - განაცხადა მანჯგალაძემ.

ვინ დაიწყო აგვისტოს ომი - ამ საკითხის გამოძიების მოთხოვნით საგანგებო განცხადება დილით "ქართული ოცნების" დანაყოფმა, "ხალხის ძალამ" გაავრცელა. რადიკალური დაჯგუფება ომის გამოძიებას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დასჯას და მათი ღალატის მუხლით გასამართლებას ითხოვს. "ხალხის ძალის" მოთხოვნას და რუსულ პროპაგანდას, რა თქმა უნდა, "ოცნებაც" იზიარებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×