რეზონანსი
28.12.2023

შემდეგი არჩევნების მთავარი სენსაცია იქნება ის შედეგი, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური პარტია დადებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების საკითხი აქტიურ ფაზაშია. მისი ვარაუდით, ახალ პარტიასთან დაკავშირებული ყველა დეტალი სავარაუდოდ, თებერვალში უკვე დასრულებული იქნება.

„ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ იმიტომ, რომ ბევრი ტექნიკური საკითხია გადასაჭრელი. პლატფორმის ჩამოყალიბებას ტექნიკური საკითხები სჭირდება. ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ წარსულში აბსოლუტურად განსხვავებული ამომრჩევლები არიან. სხვათა შორის, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებიც მოდიან",- განაცხადა დოლიძემ.

მან აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ყველა ტიპის ამომრჩეველს ესაუბრებიან.

„ქართული ოცნება" იმაზე კი არ აპელირებდა, მე ვარ გადასარევიო. ამბობდა, „ნაციონალურ მოძრაობას" ვჯობივარო. შესაბამისად, ამ ფონზე ალტერნატივას ვერ აჩვენებ. ადამიანები, ვისაც დაზიანებული ჰქონდა რეპუტაცია კონკრეტული საკითხების გამო, ვამბობდით, რომ შევიცვალეთ, სხვა ხალხი ვართ, მაგრამ ეს ამბავი არ გამოვიდა. შესაბამისად, ცალკე გამოსვლა მოგვიწია. ძალიან დიდი კონტრასტია ახლა ჩვენსა და მაგალითად, ჩვენს ყოფილ პარტნიორებს, მეგობრებს შორის, თუნდაც მიდგომებს შორის", - განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, საარჩევნოდ კარგი შედეგის მისაღწევად ფული არ არის გადამწყვეტი, არამედ მნიშვნელოვანია ხალხთან ურთიერთობა და ალტერნატიული ძალის დემონსტრირება.

ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ ცდებიან პოლიტიკოსები, თუ ფიქრობენ, რომ მათ ახალ პარტიას ცუდი პოლიტიკური მომავალი ექნება.

„თუკი რამეზე არ ვფიქრობთ, ეს არის ცუდი პოლიტიკური მომავალი. ამიტომ, თავიდანვე არ გვქონია იმის სურვილი, რომ შერწყმა ყოფილიყო ჩვენსა და რომელიღაც არსებულ პოლიტიკურ პარტიას შორის. რაიონი არ დარჩა, სადაც დასაყრდენი არ გვყავდეს, ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები, მაგრამ ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ბევრთან შედარებით საკმაოდ კარგ ფორმაში უკვე ვართ. არ წყდება ხალხის შემოდინების პროცესი. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტულ რეზულტატში აისახება",-განაცხადა დოლიძემ.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა პარტიის სახელწოდებასა და სხვა ტექნიკურ საკითხებზე.

რაც შეეხება პარტია „ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომელიც ნიკა მელიასთან შესაძლო პარტნიორობას არ გამორიცხავს, ბაჩო დოლიძე განმარტავს, რომ სხვა პარტიებთან თანამშრომლობაზე უარს არ აცხადებს, თუმცა, საარჩევნოდ დამოუკიდებლად იქნება წარმოდგენილი.

„ჩვენ გამოვდივართ დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი, გვექნება ცალკე სახელი. მთავარ საკითხებთან მიმართებით ყველა პროდასავლურ პარტიასთან გვექნება თანამშრომლობა, მათ შორის სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებით. თუმცა, ის, რომ ვინმესთან გვიხილოთ, ასე არ იქნება. ცალკე ნომრით და სახელით ვიქნებით წარმოდგენილი. აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკას შევთავაზებთ, რომელიც რეალურად, გამოასხივებს იმ ალტერნატივას, რომელიც საჭიროა. დაკვეთა არის, ხალხს ცვლილება უნდა. სამწუხაროდ, ამდენი ხნის განმავლობაში პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ აჩვენა ის დიდი კონტრასტი, რით ანაცვლებს ბიძინა ივანიშვილს",-განაცხადა დოლიძემ.

მისი აზრით, ოპოზიციურ სპექტრს მეტი თავდაჯერებულობა და გამბედაობა სჭირდება.

„ასე არ გამოვა ხალხო, თან ბიძინა ივანიშვილის დამარცხება გინდოდეს და თან ბარიერის გადალახვის შიში გქონდეს, ეს ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. თუკი რამეზე არ ვფიქრობთ, ეს ბარიერია. ამიტომ, საჭიროა მეტი სითამამე",-განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ბაჩო დოლიძე ფიქრობს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით არის დაკავებული.

„ყველას უნდა მიეცეს თავისი პოლიტიკის კეთების შესაძლებლობა. მერე ხალხმა გადაწყვიტოს, უნდა სააკაშვილი თუ არ უნდა. ეს ვერასდროს იქნება კონკრეტული ხელისუფლების გადაწყვეტილება. მანდ უშვებს შეცდომას ხელისუფლება, როდესაც ფიქრობს, რომ შეუძლია ძალით ჩაახშოს ოპონენტის ხმა",-განაცხადა დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×