რეზონანსი
04.01.2024

წელს პირველად, უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს. საოკუპაციო რეჟიმმა 4 იანვარს 230 უკრაინელი ტყვე გამოუშვა, მათ შორის არიან აზოვსტალის ის მებრძოლები, რომლებიც 2 წლის განმავლობაში ოკუპანტების ტყვეობაში იყვნენ. სანაცვლოდ, კიევმა მოსკოვს 248 რუსი სამხედრო ტყვე გადასცა. გაცვლის პარალელურად, არ შეწყვეტილა საბრძოლო მოქმედებები.

გაცვლაზე შეთანხმება შუამავალი ქვეყნის - არაბთა გაერთიანებული საამიროების ჩართულობით შედგა. ეს რუსეთ-უკრაინას შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტყვეთა გაცვლაა, რადგან თითოეულმა მხარემ 200-ზე მეტი სამხედრო გაათავისუფლა.

ტყვეთა გაცვლის ფაქტს ყოველდღიურ მიმართვაში გამოეხმაურა ვოლოდიმერ ზელესკი. უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ მსგავსი შეთანხმებების უკან ფრონტზე მიღწეული შედეგები დგას.

მსგავსი იშვიათი ჰუმანური აქტების მიღმა რუსეთ-უკრაინის ომი ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებით გრძელდება, რასაც, მათ შორის, სადღესასწაულო პერიოდში დამანგრეველი შედეგები და მსხვერპლი მოაქვს. კიევსა და ხარკოვზე ორი დღის წინ განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო იერიშების შემდეგ დრონებისა და რაკეტების სამიზნე ამჯერად სუმისა და ხერსონის ოლქები გახდა. ერთ-ერთი ბოლო საჰაერო იერიში რუსეთის არმიამ კიროვოგრადის ოლქზე მიიტანა, რასაც, წინასწარი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც. შედეგები ყოველდღიურ მოხსენებაში გენერალური შტაბის სპიკერმა წარადგინა.

ვრცელდება ინფორმაცია რუსული სუ-34-ის ტიპის ბომბდამშენის განადგურების შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციაში, ჩელიაბინსკში იყო ბაზირებული. ტელეგრამარხებზე გავრცელდა დღეს გამთენიისას გადაღებული კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ მოუკიდა ცეცხლი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაციის ფარგლებში მოქმედმა პირმა აღნიშნულ სუ-34-ს. აქვე დატანილია განმარტება, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს რუსეთის გამოძიება ადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×