რეზონანსი
08.01.2024

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახებისთვის ფართების გადაცემაზე გადაწყვეტილება წინა წელს იყო მიღებული, დღეს ფორმალურად გაფორმდა. გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს საარჩევნო წელთან, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აზარაშვილს მედიის წარმომადგენელმა მიმართა: „ოპონენტებმა შესაძლოა, მთავრობის გადაწყვეტილება საარჩევნო წელს დაუკავშირონ და საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობად შეაფასონ. რა იქნებოდა თქვენი პასუხი ამასთან დაკავშირებით“.

აზარაშვილის თქმით, თანხები კონკრეტული მიზნობრიობით გამოიყოფა.

„ვინაიდან საარჩევნო წელია, არ ნიშნავს, რომ არაფერი უნდა გავაკეთოთ. ეს გადაწყვეტილება ფორმალურად გაფორმდა 2024 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე, თუმცა პროექტზე მუშაობა მთელი წინა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა – მუნიციპალიტეტებიდან სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა, პროექტის დიზაინზე მუშაობა. შესაბამისად, გადაწყვეტილება გაცილებით ადრე იყო მიღებული, დღეს უბრალოდ ფორმალურად გაფორმდა, რადგან წელს უკვე იწყება ეს პროგრამა. შესაბამისად, არანაირი კავშირი არ აქვს საარჩევნო წელთან. ასეთი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად თანხები კონკრეტული მიზნობრიობით გამოიყოფა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×