რეზონანსი
10.01.2024

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, წელს ისეთივე გრიპის სეზონია, როგორიც ყოველთვის იყო, უბრალოდ გრიპს ადამიანები ხშირად სერიოზულ დაავადებად არ აღიქვამენ. მისივე თქმით, სინამდვილეში გრიპი არც ისე "უბრალოა" და მასთან სიფრთხილეა საჭირო.

"გრიპი ყოველთვის იყო და ახლაც რჩება სერიოზულ დაავადებად. იწვევს ძალიან შემაწუხებელ სიმპტომებს და აქვს გართულებების რისკი (ფილტვების ანთება, ბრონქიტი და სხვ.). ყოველ წელს ადამიანები აღნიშნავენ, რომ წელს რაღაც განსაკუთრებული, საშინელი ვირუსი შეხვდათ, თუმცა რეალურად გრიპი ყოველთვის იყო და სამწუხაროდ დარჩება ინფექციად, რომელიც დიდ პრობლემებს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. იწვევს ძლიერ საერთო სისუსტეს (ზოგჯერ გახანგრძლივებულს), თავის, კუნთების და სახსრების ტკივილს. სურდო და ხველა შეიძლება იყოს ან არ იყოს გამოხატული. ხველა ზოგჯერ ძალიან ხანგრძლივდება და ეს ადამიანებს აშინებთ. თუ სველი, ანუ ნახველით გამოხატული ხველაა, მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ქვედა სასუნთქი გზების დაავადება (ზოგჯერ საჭირო ხდება რენტგენოგრაფია), რომ შეფასდეს ანტიბიოტიკის საჭიროება. ადრე ვრცელი პოსტი მივუძღვენი ხველას და ამიტომ ახლა აღარ გავიმეორებ.

მოკლედ, წელს ისეთივე გრიპის სეზონია, როგორიც ყოველთვის იყო. უბრალოდ გრიპს ადამიანები ხშირად სერიოზულ დაავადებად არ აღიქვამენ - „უბრალო გრიპია“. სინამდვილეში არც ისე „უბრალოა“ და მასთან სიფრთხილე გვმართებს. პირველ რიგში ეს არის ვაქცინაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ორსულებისთვის ვაქცინა წინააღმდეგნაჩვენები არ არის და პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია (სამწუხაროდ დღემდე რჩება არასწორი რჩევები, რომ ორსულები უნდა მოერიდონ გრიპზე ვაქცინაციას).

მაღალი რისკის ჯგუფები, ხანდაზმულები და ორსულები ამ სეზონზე მაქსიმალურად უნდა ერიდებოდნენ თავშეყრის ადგილებს, ან იყენებდნენ პირბადეს, რომელიც მხოლოდ კორონავირუსისგან დასაცავი საშუალება არ არის, გრიპისგან თავის დასაცავადაც ეფექტურია", - განაცხადა ბუწაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×