რეზონანსი
16.01.2024

თბილისის მერიას იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია ევალებოდათ და რომლებთანაც ხელშეკრულებები გაწყვიტა, ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი აქვს გადახდილი [11 613 964].

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, მერიას შპს "ერ ტე დე"-სთან 9 017 949.94-ლარიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. მას ცაბაძის ქუჩიდან გვეტაძის ქუჩამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობა ევალებოდა. კომპანიამ თანხის მხოლოდ 34% - 3 110 316.48 ლარი - მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში დაიდო. მასში ცვლილება 6-ჯერ შევიდა, მათ შორის, 6 ნოემბერს კომპანიამ ითხოვა სამუშაო ვადის გადაწევა და სამშენებლო სამუშაოების საერთო მიწოდების ვადად 120 დღის ნაცვლად, 156 კალენდარული დღე განისაზღვა.

რაც შეეხება "მილენიუმ ბილდერს გრუპთან" გაფორმებულ ორ ხელშეკრულებას, მათი საერთო ღირებულება 22.2 მილიონამდე ლარი იყო. ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიამ 5 337 198.80 ლარი მიიღო, მეორეს შემთხვევაში კი მერიამ მას 3 166 450.71 ლარი გადაუხადა. კომპანიას სამტრედიის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობა, ასევე გვეტაძის ქუჩიდან სამტრედიის ქუჩამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია ევალებოდა. ხელშეკრულებებში ცვლილებები ერთ შემთხვევაში 9-ჯერ, მეორე შემთხვევაში კი 8-ჯერ შევიდა.

​შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის მაისში დაიწყო და მერიის განცხადებით, 2024 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. დღეს, 16 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ ორივე კომპანიასთან, მერიამ ხელშეკრულებები გაწყვიტა, რადგან ისინი სამუშაოებს უხარისხოდ ასრულებდნენ.

​კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებების გაწყვეტის შემდეგ, მერია ირწმუნება, რომ წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.

სამუშაოები მიმდინარეობს უხარისხოდ - მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს ხელშეკრულებები გაუწყვიტა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×