რეზონანსი
16.01.2024

თბილისის მერის მოადგილემ განმარტა, რატომ გაუწყვიტეს კონტრაქტები წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებს. ირაკლი ბენდელიანის თქმით, დაფიქსირდა ვადების გადაცილება და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. ამის მიუხედავად კალაძის მოადგილე ირწმუნება, რომ წერეთლის გამზირზე მოძრაობა იანვრის ბოლოს მაინც აღდგება,

გარდა ამისა, როგორც ბენდელიანი ამბობს, დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს ალტერნატიული კომპანიების მოძიება:

"გუშინ მოხდა საგზაო მიმართულებით განმახორციელებელ კომპანიებთან ხელშეკრულებების შეწყვეტა. დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, ისეთი როგორიც არის ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, ასევე გარკვეულ ნაწილში იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევს კომპანიებს. ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება, ვინაიდან, იცით, რომ ჩვენ მოსახლეობის წინაშე გვაქვს პასუხისმგებლობა აღებული, რომ იანვრის თვის ბოლოს, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად უნდა აღდგეს და საგზაო სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს. ამიტომ დაჩქარებული რეჟიმით მიმდინარეობს კომპანიების მოძიება, მოლაპარაკებები, არაუგვიანეს მომდევნო დღისა, მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება, შეუფერხებლად გაგრძელდება სამუშაოები. ვადა არ გადაიწევს - იანვრის ბოლოს საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და მოძრაობა ორმხრივად იქნება აღდგენილი,"- განაცხადა მერის მოადგილემ.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ მერიამ კომპანიებს "მილენიუმ ბილდერსა" და "ერტედეს" ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კონტრაქტები შეუწყვიტა.

სამუშაოებს წერეთელზე ამჟამად კომპანია, "პარმა" აგრძელებს, რომელიც არსებული ინფორმაციით, ბერა ივანიშვილთან დაახლოებულ პირს ეკუთვნის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×