რეზონანსი
18.01.2024

სიმართლე თქვას. თქვას, რომ დამნაშავე მისი ძმა არის, - ამ სიტყვებით მიმართა 14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების ბრალდებით დაკავებულმა არასრულწლოვნის დედამ ეგანა მაგარამოვამ მკვლელობაში ბრალდებულის დას, სოილ სადიკოვას.

სადიკოვა ამ წუთებში, რუსთავის საქალაქო სასამართლოში აძლევს ჩვენებას.

პროცესის დაწყებამდე მოსამართლე მაია შოშიაშვილს მოწმისა და მოკლული გოგონას დედის დამშვიდება არაერთხელ მოუწია.

შოშიაშვილმა აითაჯ შახმაროვას დედას განუმარტა, რომ მისი ემოციების ესმის, თუმცა, ეს ემოციები მოწმეზე ზემოქმედებას ახდენდა. სიტუაციის განმუხტვის შემდეგ, პროცესი მოწმის დაკითხვით დაიწყო.

„ჩემმა ძმამ ალიმ სადიკოვმა მითხრა, ერთი გოგო მომწონსო, ნიშნობისთვის რაც საჭიროა, ვიყიდოთ, დავნიშნოთო. ნიშნობაზე ჩვენი ოჯახი - ჩემი და, ბიძაჩემი, მამაჩემი წავედით. წინასწარ მოვილაპარაკეთ, აითაჯი 18 წლის რომ გახდებოდა, დაქორწინდებოდნენ. აითაჯი პირველად იქ ვნახე",- განაცხადა მკვლელობაში ბრალდებულის დამ.

პროკურორის კითხვაზე, აითაჯი ნიშნობაზე იყო თუ არა თანახმა, ვინ საუბრობდა, მოწმემ განაცხადა, რომ „გოგოს და მათი მხარე".

„მითხრეს, შენი ძმა და საცოლე არიან სტუმრად მოსულიო. სახლში რომ მივედი, აითაჯი არ დამხვდა, ჩემზე ცუდად იმოქმედა. ჩემი ძმა არაფერს ამბობდა. მერე გავიგეთ, რომ აითაჯი ბადიაურში, დედასთან იყო, ვისგან გავიგე არ მახსოვს. აითაჯთან წავედით",- განაცხადა სოილ სადიკოვამ.

მოწმის თქმით, აითაჯი დედის მითითებით ჩაჯდა მათ მანქანაში და ბიძის სახლში წამოიყვანეს. პროკურორის კითხვაზე, აითაჯს ხომ არ უთქვამს, რომ წასვლა არ უნდოდა, მოწმემ უარყოფითი პასუხი გასცა.

„ეგანა(დედა) ტელეფონით საუბრობდა, თავის ძმასთან. მანქანა გაჩერებული იყო, ტაქსით იყო. მერე ეგანამ მითხრა, რომ მისი ძმა მოდიოდა და ალიმის ბიძის სახლში წავსულიყავით. აითაჯი ავტომობილში იჯდა, დედის მითითებით, გადმოვიდა ტაქსიდან და ორივე ჩვენს მანქანაში გადმოსხდნენ. აითაჯს არაფერი უთქვამს. ეგანა და აითაჯი ბიძაჩემის სახლთან გადავიდნენ. მე სახლში წამოვედი", - განაცხადა მოწმემ.

სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას მოსამართლე მაია შოშიაშვილმა აითაჯ შახმაროვას დედა რამდენჯერმე გააფრთხილა და ემოციების შეკავებისკენ მოუწოდა.

მოსამართლემ განაცხადა, რომ მას აღნიშნული პირების ემოციების ესმის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს უსასრულო რეჟიმში უნდა გაგრძელდეს და პროცესები ვერ ჩატარდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×