რეზონანსი
19.01.2024

ისეთი ნაგვები არიან [„ნაციონალური მოძრაობა“], ურჩევნიათ თავიანთი თავი დააზარალონ, ოღონდ არ დაუშვან, რომ ვინმე სხვა გაძლიერდეს, ამის გამო გვაბრალებენ, გახარიასთან კოალიცია გვაქვსო - საკრებულოებში „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ გამოვიყენეთ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი გახარიას პარტიაში დაინახა მთავარი საფრთხე, რომ „მეორე ადგილიდან ჩაჩოჩდეს და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სტატუსი დაკარგოს“.

„ნაცმოძრაობას“ დღეს მთავარი რისკი რა დაუდგა - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სტატუსს კარგავენ. აქამდე ამტკიცებდნენ, პირველი არის „ოცნება“ და მერე ვართ ჩვენო. „ოცნებას“ აბრალებდნენ, ოლიგარქი გყავთო და თვითონ არანაკლები ოლიგარქი აღმოაჩნდათ. მეორე თემა ისაა, რომ დაიშალნენ, აღარ არსებობენ. მესამე -დაინახეს პირდაპირი საფრთხე, რომ 2024 წლის არჩევნების შემდგომ, მეორეზე კი არა, შეიძლება მესამე ადგილზეც ან აღმოჩნდნენ, ან არა. მთავარი საფრთხე, რომ მეორე ადგილიდან ჩაჩოჩდნენ და თავიანთთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსი, რასაც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სტატუსი ჰქვია, დაკარგონ, გახარიასგან და ჩვენი გუნდისგან დაინახეს. ისეთი ნაგვები არიან, ურჩევნიათ თავიანთი თავი დააზარალონ, ოღონდ არ დაუშვან, რომ ვინმე სხვა გაძლიერდეს. ამის გამო გვაბრალებენ, გახარიასთან კოალიცია გვაქვსო. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ გახარია ერთადერთია, რითაც შეიძლება დააზარალო ისაა, რომ დააბრალო, რომ „ნაცებთან“ რაიმე ფორმის კოალიცია აქვს, რაც მტკნარი ტყუილია“,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

შეფასებებზე, რომ გიორგი გახარიას პარტია საკრებულოებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობს, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ „პოლიტიკური შეთანხმება კონკრეტულ საკითხზე სხვაა და კოალიცია სხვა“.

„რამდენიმე კვირის წინ „ოცნებასთან“ ერთად რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს ბიუჯეტი დავამტკიცეთ - „ოცნებასთან“ კოალიცია გვაქვს? პოლიტიკური შეთანხმება კონკრეტულ საკითხზე სხვაა და კოალიცია სხვა. ბიუჯეტის დამტკიცებაზე მნიშვნელოვანი თემა მუნიციპალურ დონეზე არსებობს? არ არსებობს. კოალიცია გვაქვს „ოცნებასთან“? არა, არ გვაქვს. იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც [ანა] წითლიძე ამბობს, კოალიცია გვაქვსო, „ოცნებასთან“ გაცილებით უფრო მჭიდრო კოალიცია გვაქვს. 2021 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ისეთი სიტუაცია დალაგდა, რომ ცალკე აღებული არავის შეეძლო, უმრავლესობა დაეკომპლექტებინა რამდენიმე საკრებულოში, „ნაცმოძრაობაც“ და „ოცნებაც“ გამოვიყენეთ, რათა ისეთი მმართველობა ჩამოგვეყალიბებინა, როდესაც არც „ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ არ ექნებოდათ შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად, თავის ჭკუაზე ემართათ ესა თუ ის მუნიციპალიტეტი“,- განაცხადა დაუშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×