რეზონანსი
20.01.2024

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილis ირაკლი ჩიქოვანმა თქმით, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბარი იყო არა მარტო ორმხრივ ურთიერთობებზე, არამედ ისეთ საკითხებზე, რომლებშიც აუცილებელია სხვა სახელმწიფოების ჩართულობაც, ჩინეთი სტრატეგიულად უყურებს ამ თანამშრომლობას, საქართველოს როლს და შემდგომში ერთობლივი მუშაობისთვის მზად არის.

„დასრულდა ძალიან შედეგიანი ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ჩვენ გავცვალეთ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ასევე საქართველოში თანამშრომლობის თვალსაზრისით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩინეთის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში აფასებენ საქართველოსთან არსებულ თანამშრომლობას და ამავდროულად ხედავენ იმ დიდ, მნიშვნელოვან პოტენციალს, რომელიც ამ თანამშრომლობას აქვს. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველომ უნდა განავითაროს შუა დერეფნის პოტენციალი, ამ ყველაფერში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს ჩინეთი და ის ამისთვის მზად არის.

მეორე მხრივ, ძალიან დიდია ინტერესი ჩინეთის კერძო, ბიზნეს წრეებში საქართველოში წარმოებულ პროდუქციასთან დაკავშირებით. აქ არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ თვითონ კერძო სექტორმაც უნდა იაქტიუროს, რადგან ეს არის უზარმაზარი ბაზარი, რომელსაც სჭირდება ქართული პროდუქტის გაცნობა. შეხვედრებზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩინეთის მხარე მზად არის არა მხოლოდ რაოდენობრივად გაზარდოს საქართველოდან იმპორტირებული პროდუქცია, არამედ ასევე გააფართოოს იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის იმპორტირებაც ხდება ჩინეთში საქართველოდან. ასევე ისინი ძალიან დიდი ყურადღებით უყურებენ იმ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ეკონომიკაში. მათთვისაც გასაკვირია და პოზიტიურად აღიქვამენ იმ მნიშვნელოვან ეკონომიკური ზრდის ტემპს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ქვეყანაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფონზე, ორ სახელმწიფოს შორის იქნება ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს საქართველოს მოსახლეობას და კიდევ უფრო განავითარებს ჩვენს თანამშრომლობას. აქვე დავამატებდი, რომ ჩვენ არა მხოლოდ ორმხრივ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, არამედ საუბარი გვქონდა ასევე ისეთ საკითხებზე, რომლებშიც აუცილებელია სხვა სახელმწიფოების ჩართულობაც. ჩინეთი სტრატეგიულად ხედავს ამ თანამშრომლობის პერსპექტივებს და საქართველოს როლს და შემდგომში ამ ყველაფერზე ერთობლივი მუშაობისთვის მზად არის“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×