რეზონანსი
23.01.2024

კეკელიძის ქუჩაზე მიმდინარე გამოსახლების დროს შსს-მ ადმინისტრაციული წესით 18, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით, 2 პირი დააკავა. უწყყება განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მოქალაქეებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით და ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთები.

გამოსახლების პროცესში, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები თბილისში, კ. კეკელიძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

მიმდინარე წლის, 23 იანვარს, 11:00 საათიდან, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე ახორციელებდნენ გამოსახლების პროცედურას. მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ საპოლიციო დანაყოფები.

შეკრებილმა მოქალაქეებმა, პროცესის დაწყებისთანავე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა და მათ არ აძლევდნენ აღსრულების პროცესის განხორციელების საშუალებას.

პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მოქალაქეებს პროტესტი გამოეხატათ მშვიდობიანი ფორმით, შეკრებილებმა სამართალდამცველებს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და მათ მიმართ გამოიყენეს ამ დროისთვის დაუდგენელი სპეციალური საშუალება, ე.წ. სპრეის სახით. ასევე, საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან, პოლიციის თანამშრომლების მისამართით ისროლეს სხვადასხვა სახის ნივთი.

გამოსახლების პროცესში, პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353- ე მუხლით დაიწყო.

ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მიზანმიმართულად დააზიანეს აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილი, რაზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი და გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოსახლების პროცედურის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტებზე, სამართალდამცველების მიერ ადმინისტრაციული წესით ასევე, დაკავებულია 18 პირი.

დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირების დადგენისა და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გატარების მიზნით, ხორციელდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები." ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხატიაშვილების ოჯახი აღსრულების ბიურომ საპოლიციო ძალების დახმარებით, ძალის გამოყენებით გამოასახლა. ადგილზე შეკრებილები იყვნენ მოქალაქეები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი ცდილობდნენ ბიუროს წარმომადგენლების შეჩერებას. რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება შეკრებილ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის, დააკავეს რამდენიმე პირი. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ პოლიცია მათ ფიზიკურად გაუსწორდა. მათ მიიღეს სხვადასხვა დაზიანებები.

ბინაში შესვლამდე ჩაჭრეს ელექტროენერგია, გაიტანეს ავეჯი, სადარბაზოს შესასვლელი კარი, რომელიც შედუღებული იყო, სპეციალური საშუალებებით "გაჭრეს".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×