რეზონანსი
27.01.2024

გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით - ჩვენთან თუ რაიმე ცუდია გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

მეუფე იაკობმა „ჭკვიან ხალხს მიმართა ეკლესიასთან გონივრულად იყვნენ".

„ეკლესიასთან ბრძოლას თავი დაანებეთ, ვერ მოერევით. მოკლე ისტორიული მეხსიერება არ გვაქვს. ვინც იძახის ეკლესიაზე „რუსული", „რუსული", „რუსული" გადახედოს "ეროვნულ მოძრაობას". ნახონ, "ეროვნული მოძრაობის" მართლაც პატრიოტი წევრები რას ამბობდნენ მათზე, ვინ იყვნენ და რა იყვნენ.

გაანებეთ ეკლესიასთან ჭიდაობას თავი, გამოწვევას მივიღებთ და უბრალოდ დამარცხდებით - მუქარის გარეშე. არაფერზე დგახართ, არც სარწმუნოებმა, არც მრწამსი არ გაქვთ რამით, რომ შეგვიტიოთ. ჩვენთან თუ რაიმე ცუდია, გამოვასწორებთ, თქვენ თქვენ თავებს მიხედეთ. არჩევნების წელია და შევეცადოთ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს, ერთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ. შეხედეთ, რა ხდება, თითქოს ადამიანისთვის, მხოლოდ ორი რაიმე იყოს მხოლოდ საჭირო - სიტყვის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ეს. შეხედეთ, საქართველოში როგორ არის, ვიღაცა რაღაცას რომ დააშავებს, ეკლესიას აგინებს, ან რაღაცას, მაშინ ახსენდებათ ეს.

სხვა რაიმე გაიხსენე, ერთად უნდა ვიცხოვროთ. ხომ არის სიყვარული, ერთმანეთი თუ გვეყვარება ასე არ დავჭამთ ერთმანეთს. სიმშვიდე შევინარჩუნოთ...ჭკვიან ხალხს მივმართავ, ეკლესიასთან გონივრულად იყავით. არ გვინდა, წყნარად ვართ, გამოწვევა თუ იქნება, მივიღებთ, შემდეგ ვნახოთ ვინ უშველის იმათ, ჩვენთან ღმერთია, იმათთან ვინ იქნება?! - ვნახოთ, ვისი აჯობებს", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, საქართველოში არავის სჭირდება ჟანა-დარკობა.

„ყოველთვის გამიხარდება, რომ საქართველოში მივბაძოთ დედაღვთისმშობელს, მივბაძოთ წმინდა ნინოს, თამარ მეფეს, წინდა დედოფალ ქეთევან წამებულს. ძალიან გთხოვთ ქალებს, ისე მოიქცეთ, როგორც ქალბატონებს შეგშვენით. არ გვინდა თავის გამოჩენა სკანდალებით, რაღაც-რაღაცებით. თქვენ ღვთის ხატება ხართ, თქვენში ხომ ახალი ევა ცოცხლობს. სხვას არ მივბაძოთ, ცუდი მაგალითი არ ავიღოთ. საქართველოში არავის სჭირდება ჟანა-დარკობა, თუ სადმეა თავი შესაკლავი, ჩვენ, კაცები შევაკლავთ. ქალები რითაც ხართ ლამაზი, გონიერებით, შვილების კარგად აღზრდით, ოჯახის შენახვით, ტრადიციებით, ასეთები იყავით. ვინც ადამიანივით არ იქცევა, ვთხოვ შეხედოს, რა უფრო მოსაწონია, სკანდალი იქნება მოსაწონი, თუ წესიერი ქმედება",- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ქადაგების დასრულებისას მეუფე იაკობს ჰკითხეს ვინ იგულისხმა ჟანა დარკში, არის თუ არა ეს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რაზეც აღნიშნა: „ არა, არა...მიხვდებოდით ამას, იცით კონკრეტული პიროვნება".

ამასთან, კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება, მეუფე იაკობმა აღნიშნა: „თუ ბრძოლა გაგრძელდა, არ გვინდა ეს გამოწვევა...თუ მივიღე გამოწვევა მარტო მე, ერთიც კი ვეყოფი მაგათ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×