რეზონანსი
28.01.2024

„გადავარჩინოთ „მაუდის" სტადიონი" - ამ მოთხოვნით თბილისში, მირცხულავას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებმა აქცია გამართეს.

მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ტერიტორიაზე კვლავ სტადიონი მოეწყოს, რომელიც კერძო მესაკუთრემ დაშალა.

გარდა ამისა, მოსახლეობის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს.

„ამ ტერიტორიაზე ადრე სტადიონი იყო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებდა, შემდეგ ტერიტორია გაიყიდა, შესაბამისად, მფლობელმა გადაწყვიტა, რომ რაღაც კომერციული საქმიანობა დაიწყოს. ჩვენ თავისთავად არავის კომერციული საქმიანობის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ როდესაც დედაქალაქში ისედაც ძალიან ცოტაა სტადიონები, ბაზები, გასავითარებელია ქართული ფეხბურთი, ვფიქრობ, რომ ასეთი სტადიონი არ შეიძლება განადგურდეს და რაღაც საწყობი ან კომერციის ადგილი გახდეს", - განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

აქციის დროს, ადგილზე მოსახლეობასთან სასაუბროდ თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარი, გივი ჩხარტიშვილი მივიდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებები და კონკრეტული შედეგები აღნიშნულ საკითხზე სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, თბილისის მერის, კახა კალაძის მხრიდანაც არის მზაობა, რომ აღნიშნული ტერიტორია გამოისყიდონ და ადგილზე ევროსტანდარტის სტადიონი გაკეთდეს.

„ადგილზე უკანონო მშენებლობა მიმდინარეობდა, სადაც მუნიციპალურმა ინსპექციამ შესაბამისი ოქმი დაწერა და მეპატრონეს დაევალა დემონტაჟი, ახლა კი მათი მხრიდან აღნიშნული კონსტრუქციის დემონტაჟი მიმდინარეობს.

აქ ოდითგანვე ისტორიული სტადიონი იყო. მოსახლეობის მოთხოვნა არის, რომ მუნიციპალიტეტმა გამოისყიდოს აღნიშნული ტერიტორია და ევროსტანდარტის სტადიონი გაკეთდეს. ჩვენ მოლაპარაკებებს მესაკუთრეებთან ვაწარმოებთ. თბილისის მერის, კახა კალაძის მხრიდანაც არის მზაობა, რომ აღნიშნული ტერიტორია გამოვისყიდოთ და ევროსტანდარტის სტადიონი გაკეთდეს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კონკრეტული შედეგები სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს გვექნება", - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×