რეზონანსი
01.02.2024

ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენს გუნდში, „ქართულ ოცნებაში" თანამდებობა არასდროს ყოფილა პრივილეგია, ის ყოველთვის იყო დიდი პასუხისმგებლობა. თითოეული ჩვენგანი ასე უყურებს ამ საკითხს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა - მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

ამასთან, როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ქვეყანა განაგრძობს განვითარებას, ყველა ინსტიტუტი განაგრძობს ფუნქციონირებას, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას.

„მინდა, ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ ქვეყანა განაგრძობს განვითარებას, ყველა ინსტიტუტი განაგრძობს ფუნქციონირებას და ჩვენი გუნდი არსებითად ამ კონფიგურაციით ერთიანად განაგრძობს იმ მთავარი პასუხისმგებლობის შესრულებას, რასაც ჰქვია საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებსა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე.

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რისი მომსწრეც გახდა ჩვენი საზოგადოება, ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მან ძალიან გულწრფელი, ლოგიკური, ღირსეული არგუმენტები დაასახელა. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენს გუნდში, „ქართულ ოცნებაში" თანამდებობა არასდროს ყოფილა პრივილეგია, ის ყოველთვის იყო დიდი პასუხისმგებლობა. თითოეული ჩვენგანი ასე უყურებს ამ საკითხს. მგონი, წლების განმავლობაში საზოგადოებაც დარწმუნდა, რომ თანამდებობა არ არის ამოსავალი წერტილი, იდეაფიქსი ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებისთვის. ოდესღაც რაღაც იწყება და რაღაც მთავრდება.

დიდ სურათშიც უნდა შევხედოთ პრემიერ-მინისტრების სამუშაო პერიოდებს, არა მხოლოდ საქართველოში, ევროპაშიც ვნახოთ. იმ სტატისტიკითაც კი, ირაკლი ღარიბაშვილმა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი დაყო ამ თანამდებობაზე. მით უმეტეს, მეორედ იყო პრემიერ-მინისტრი. რაც მთავარია, „ქართულ ოცნებას" მასთან ერთად, მისი ლიდერობით, ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებები ჰქონდა სამი წლის განმავლობაში. ეს არის, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა, არანაირი კომპრომისი ამ მიმართულებით არ გაუკეთებია ჩვენს გუნდს, ხელისუფლებას, პირნათლად იცავდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ასევე არის ეკონომიკური ზრდა. სამი წლის განმავლობაში ხელშესახები ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ეს აღიარა მსოფლიო ბანკმაც, სავალუტო ფონდმაც, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმაც; ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენი პოლიტიკური გუნდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება, რითაც, პრაქტიკულად, საქართველო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადავიდა. შესაბამისად, ეს არის მიღწევები, რომლებიც ნამდვილად აძლევს საშუალებას ჩვენს გუნდს და ირაკლი ღარიბაშვილს, დადებითად შეაფასოს თავისი საქმიანობა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ერთი საინტერესო არგუმენტი თქვა, შესაძლოა, ანგაჟირებულმა მედიამ ამას არ მიაქცია ყურადღება, მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელში აუცილებლად უნდა ითქვას ამის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ჩვენს გუნდს ჰყავს არაერთი გამორჩეული ლიდერი. ყველა ლიდერს აქვს თავისი გამოცდილება, განათლება, თავისი შესაძლებლობები და დროა, სხვა ლიდერებს მიეცეთ საშუალება, თავიანთი შესაძლებლობები გამოავლონო. ეს ძალიან ღირსეული არგუმენტია", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×