რეზონანსი
02.02.2024

ფერაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფარგლებში, რაც კანონით არის განსაზღვრული - ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ ქვეყანას, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე სტალინის გამოსახულებით მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის ფაქტზე, სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძისთვის სასამართლოს მიერ 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას.

მიქანაძის შეფასებით, „ეს არის სიწმინდეებზე, რელიგიურ მრწამსზე, ღირებულებებზე მიზანმიმართული შეტევა"

„მოსამართლემ იმსჯელა იმის თაობაზე, თუ რა ქმედების შემცველი იყო ეს ყველაფერი, ეს კანონის ფარგლებში ჯდება და აქ პრობლემას ვერ ვხედავ. უფრო მეტიც, საგაზაფხულო სესიაზე გვექნება ინიციატივა იმის თაობაზე, რომ მსგავსი ქმედებების კუთხით გავამკაცროთ პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ეს არის სიწმინდეებზე, ჩვენს რელიგიურ მრწამსზე, ღირებულებებზე მიზანმიმართული შეტევა. აქედან გამომდინარე, მე ვერ შევალ გადაწყვეტილების კონტექსტში, რაც მოსამართლემ მიიღო კონკრეტულ საკითხზე. თუმცა, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ მოსამართლე მიიღებდა გადაწყვეტილებას კონკრეტული საქმიდან, იმ მხილებებიდან, მტკიცებულებებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული და რაც მთავარია, ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იმ ფარგლებში, რაც კანონით არის განსაზღვრული. ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ ქვეყანას. კანონები, რაც ქვეყანაში მოქმედებს, აღიარებულია საერთაშორისო დონეზეც, რომ შესაბამისობაშია საერთაშორისოდ აღიარებულ პრაქტიკასთან",- განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, აქტივისტ ნატა ფერაძეს მატრონა მოსკოველის ხატისთვის, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავის შესხმის გამო, 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ფერაძეს პატიმრობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე შეეფარდა. აქტივისტი საკუთარ სახლში დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×