რეზონანსი
06.02.2024

„თუ როგორ ესმით მათ ეკონომიკა, 1000 ლარიანი პენსიის დაპირებიდანაც კარგად მოჩანს, როდესაც წინასაარჩევნოდ პოპულიზმს აწვები, ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ამ ბლეფს არავინ წამოეგება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე წერს და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მისამართით სტატუსს აქვეყნებს:

„წინასაარჩევნო კამპანია წესიერად ჯერ არ გახურებულა და პარტია ლელოს დამფუძნებელი მამები მორიგ შარში შეიძლება აღმოჩნდენ გახვეული. ერთი შეხედვით "ლისი დეველოპმენტის" განცხადებაში, რომლის სამეთვალყურეო საბჭოში მათი ოჯახის წევრები არიან, კომპანია ობლიგაციების მფლობელთა შეცდომაში შეყვანას აღიარებს და ობლიგაციების ვადამდე განაღდებას სთავაზობს - სკანდალური არც არაფერია, პირიქით ობლიგაციური ემისიის ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ ობლიგაციების ვადამდელი განაღდებაა თუ ამას ინვესტორები მოითხოვენ, მაგალითად კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების გაუარესების გამო.

თუმცა, ის გარემოება, რომ "ლისი ლეიქ დეველოპმენტი"-ს ფინანსური ანგარიშგებასთან დაკავშირებით არსებითი ხარვეზები და შეცდომები გამოიკვეთა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კომპანიის მიერ გამჟღავნებულ ფინანსურ მონაცემებზე, და რაც აუდიტორული კომპანია „Ernst & Young"-ის შემოწმების შედეგად გამოვლინდა, კომპანიის სასიკეთოდ არაფერს გვეუბნება, უფრო პირიქით. ობლიგაციების ემისიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, კომპანიის სავალდებულო აუდიტორული შემოწმებაა და ნაკლებად ვინმეს კეთილი ნება. მთავარი კი თავად ამ აუდიტორულ დასკვნაშია.

კერძოდ, EBIDTA (გამოთვლილია, როგორც საოპერაციო მოგებას გამოკლებული საოპერაციო ხარჯები) თითქმის განახევრდა და 3,217.000 აშშ დოლარით შემცირდა, ამასთან, კომპანიას ფინანსური დანახარჯები 645.000 აშშ დოლარით გაეზარდა, რაც დანახარჯების თითქმის 58%-იან ზრდას უდრის და ასევე, 2021 წლის მოგება შემცირდა 2.159.000 აშშ დოლარით.

ჯამში შემცირდა ასევე კომპანიის გაუნაწილებელი მოგება 7,138.000 აშშ დოლარით, ასევე კომპანიის მფლობელებზე მიკუთვნებაში საკუთარი კაპიტალი 4,903.000 აშშ დოლარით შემცირდა და საკუთარი კაპიტალი და ვალდებულებები 2,828.000 აშშ დოლარით.

უფრო გასაგები, რომ გახდეს მთელი ამ ისტორიის თავსართი, განვმარტავ, რომ EBITDA რომელიც საოპერაციო მოგების წმინდა საინვესტიციო პარამეტრადაც ითვლება, გამოითვლება წმინდა შემოსავლის მაჩვენებელზე პროცენტის, გადასახადების, ამორტიზაციის და ცვეთის ხარჯების დამატებით. EBITDA გამოიყენება კომპანიის საოპერაციო მომგებიანობის გასაანალიზებლად არასაოპერაციო ხარჯებამდე, როგორიცაა პროცენტი და სხვა არაძირითადი ხარჯები და უნაღდო გადასახადები, როგორიცაა ცვეთა და ამორტიზაცია.

მთელი ამ ფინანსური მანიპულაციების დედააზრი კი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც EBITDA -ს მანიპულირებით თაღლითური ფინანსური ანგარიშგების ამოცანა გამოიყენება შემოსავლების გასაბერად, ხოლო პროცენტები, გადასახადები, ამორტიზაცია და ცვეთა ამოღებულია ან ხელოვნურად შემცირებულია, თითქმის ნებისმიერი კომპანია შეიძლება მომგებიანად და ინვესტორთათვის მეტად მიმზიდველად შეიძლება გამოიყურებოდეს. შესაბამისად, მთელი ამ თაღლითური სქემების მიზანი ინვესტორების მოზიდვაა, მათ შორის ობლიგაციური სესხებისას. ბუნებრივია, როდესაც სიმართლე გაირკვევა გაყიდვების მაჩვენებლების შესახებ, მთელი ეს თაღლითური სქემა ჩამოიშლება, მაგრამ პრობლემები უკვე ინვესტორებს შეექმნებათ.

ახლა ნაკლებად თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ამ სქემაში ბატონი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფაფრიძის ხელი არ ურევია, თავის დროზე ეს კომპანია, როგორც მახსოვს სწორედ მათ შექმნეს, მეორეც თუ გავიხსენებთ, რომ წლების წინ პროკურატურა მათ ფულის გათეთრებაში ედავებოდა, რაც მართალია სასამართლომ არ გაიზიარა, თუმცა ფინანსურ თაღლითობაში კი ამხილა, მათ თანამონაწილეობის ვერსიას უფრო ამყარებს.

ამასთან, კიდევ უფრო ცხადი ხდება, რომ თავის დროზე ანაკლიის პროექტის ჩაგდება და კონსორციუმის მხრიდან ინვესტორების ვერ შემოყვანის სახელმწიფოსთვის გადაბრალებაც, მათი მხრიდან თითიდან გამოწოვილი ბრალდება იყო, ისევე როგორც პოლიტიკაში შემოსვლა ფულის გათეთრების საქმეზე, თავისებური ინდულგენციის მცდელობა უფრო ოყო, ვიდრე ქვეყნის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯი. თუ როგორ ესმით მათ ეკონომიკა, 1000 ლარიანი პენსიის დაპირებიდანაც კარგად მოჩანს, როდესაც წინასაარჩევნოდ პოპულიზმს აწვები, ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ამ ბლეფს არავინ წამოეგება, რადგან ამ შემთხვევაში სოციალური ხარჯების არსებული სტრუქტურა დამატებით სულ მცირე7 მილირდი ლარს მოითხოვს, რაც ეკონომიკურ ზრდასთან არა თუ თანხვედრაში, არამედ სრულ აცდენაშია! ფაქტიურად, იგივე შეიძლება ითქვას, მათ მიერ ლამის პოლიტბრენდად გასაღებულ ე.წ მარშალის გეგმაზეც. პარტია ლელოს მილევადი და ვერ გაზომვადი რეიტინგიც, ამ რეპუტაციული ფაქტორის ანარეკლია!

დაანებეთ პოლიტიკას თავი, არ არის ეგ თქვენი საქმე, რას წვალობთ და სხვებსაც რას აწვალებთ, წადით ბიძიკოებო სახლში!", - წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×