რეზონანსი
06.02.2024

კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ამ ხალს პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნიათ. ესაა ის პოლიტიკური ძალა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს არჩევნების შემდეგ, - განაცხადა „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერებების პოვნასთან დაკავშირებით.

„ადრე არ ყოფილა ასეთი აშკარა, საჯარო მტკიცებულებები, რაც ბოლო თვეების განმავლობაშია, იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა" ვამბობდით, რომ გლობალური ომის პარტია საქართველოში სხვადასხვა წყაროს მეშვეობით, სხვადასხვა შუამავლის მეშვეობით, მათ შორის უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების ჩათვლით, ცდილობს მეორე ფრონტის გახსნას.

გუშინ დაიდო ფაქტები, რომლის თანახმადაც გამოიკვეთა, რომ ორი კურდღლის დაჭერა სურთ: ერთი, საქართველოში დაეტოვებინათ მძიმე ასაფეთქებელი ნივთიერება, რომ აქ მომხდარიყო ტერორისტული აქტი; მეორე, საქართველოს ტერიტორიის გავლით, რუსეთში მომხდარიყო ტერორისტული აქტი, იმიტომ, რომ სამხედრო კონფლიქტი გაღვივებულიყო - აბა რუსეთი ყავაზე არ დაგპატიჟებს, როცა საქართველოს გავლით მოხდებოდა მის ტერიტორიაზე ტერაქტი.

შესაბამისად, ამით პირდაპირ აღიარებენ, რომ უკრაინის ხელისუფლებას მიშა სააკაშვილის დესანტის გადმოსხმით არაფერი გამოუვიდა, არც მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებებით და ახლა შეეცადნენ ხელი შეეწყოთ სამხედრო კონფლიქტისთვის. დღეს კი რას ვხედავთ? „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი დღეს გამოვიდა და განაცხადა, რომ ის რაც გავიდა ეთერში, არაა სწორი და ამის არ მჯერაო.

ასე არ სჯეროდათ 2008 წელსაც. გახსოვთ, რომ გვიმტკიცებდნენ, ეს რუსეთი არაა, პროვოკაცია ოსების მიერ არის მოწყობილიო, მაგრამ მათ რომ არ სჯეროდათ, ამით რა მიიღო საზოგადოებამ - ტერიტორიების დაკარგვა, რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მხრიდან, ლტოლვილები, ეკონომიკის ჩამოშლა და ა.შ. ამათ დაჯერებაზე ხომ არ ვიქნებით დამოკიდებული? ეს არის ის რეალობა, როცა კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ამ ხალხს პასუხისმგებლობის გრძნობა არ გააჩნია. ესაა ის პოლიტიკური ძალა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელიც აუცილებლად უნდა გასამართლდეს არჩევნების შემდეგ", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×