რეზონანსი
06.02.2024

აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელეს. სხდომაზე წარდგენილი იყო სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის". კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებას, ასევე სამთავრობო პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის".

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებმა მათ მიერ მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და ხელახლა ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განსახორციელებელი სამომავლო გეგმები გააცნეს დეპუტატებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საუბარი მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლებით დაიწყო. მისი თქმით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის, რაც ადასტურებს, რომ ჩვენი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა სწორი და გამართლებულია.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა პროგრამებზე, რომლებიც წარმატებით ხორციელდება. მისი თქმით, 2024 წელს დაგეგმილია აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების პლატფორმის შექმნა, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს საკუთარი აქტივები დამატებითი სასესხო რესურსების მოსაზიდად გამოიყენონ. პარალელურად გაგრძელდება ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები - მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით.

მინისტრობის კანდიდატმა დეტალურად ისაუბრა მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის, მეწარმეების ტრენინგებისა და მომზადების პროგრამებზე, გამოფენებში მონაწილეობის და ახალ საექსპორტო ბაზრებზე შესვლის დაფინანსების შესაძლებლობაზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე. ლევან დავითაშვილმა ისაუბრა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი ყველა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ. როგორიცაა ავიაცია, შავი ზღვის კაბელი, ტურიზმი, სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების ურბანული გეგმები.

„ყველა ეს რეფორმა, პროექტი თუ ღონისძიება არსებითად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისთვის. თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონის გაუმჯობესება და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის უზრუნველყოფა ჩვენი უპირველესი მიზანია. ვფიქრობ, ჩვენი სახელისუფლო გუნდისთვის ეს მიღწევადი ამოცანაა.

რაც მთავარია, ჩვენი საქმიანობის მთავარი კურსი და ორიენტირი კვლავაც საქართველოს ევროკავშირთან სწრაფი და ყოვლისმომცველი სავაჭრო-ეკონომიკური ინტეგრაცია იქნება"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×