რეზონანსი
08.02.2024

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, შეცდომა არ დაუშვან და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ უკრაინას დაემარონ და რუსეთის გამარჯვება არ დაუშვან.

„ნუ დაუშვებთ შეცდომას: რუსეთის გამარჯვება უკრაინაში არა მხოლოდ უკრაინის, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს დასასრული იქნება, არამედ მკვეთრად შეცვლის ევროპის სახეს. ეს მძიმე დარტყმას მიაყენებს ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს. რუსეთის სასტიკი მცდელობა, მიიტაცოს ტერიტორიები ძალის გამოყენებით, შეიძლება გახდეს გეგმა სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის მთელს მსოფლიოში. ეს არის ის, რის გამოც აშშ და ევროპა უჭერენ მხარს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას", - წერს ოლაფ შოლცი სტატიაში, რომელსაც The Wall Street Journal-ი აქვეყნებს.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში, ჯერჯერობით, ომის ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია.

„ჯერჯერობით, ბატონმა პუტინმა ვერ მიაღწია ომის ვერცერთ მიზანს. მას ეგონა, რომ ორ კვირაში შეძლებდა უკრაინის დედაქალაქის, კიევის აღება. ორი წლის შემდეგ ის ჯერ კიდევ შორს არის ამის მიღწევისგან და უკრაინა მამაცურად ეწინააღმდეგება რუსეთის თავდასხმას. ეს არის უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგი, მაგრამ ეს ასევე არის დასავლეთის ფისკალური და ჰუმანიტარული მხარდაჭერისა და უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შედეგი", - აცხადებს შოლცი.

ის ხაზს უსვამს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების და უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობას.

„ჩვენი გზავნილი ნათელია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს. თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა მალე გავიღვიძოთ უფრო არასტაბილურ, სახიფათო და არაპროგნოზირებად სამყაროში, ვიდრე ეს იყო ცივი ომის დროს. ჩვენი მხარდაჭერის მიუხედავად, უკრაინას შესაძლოა იარაღისა და საბრძოლო მასალის სერიოზული დეფიციტი შეექმნას. ზოგიერთი ფინანსური ვალდებულება უკვე ამოიწურა, ზოგი კი გახანგრძლივებას საჭიროებს. ბატონი პუტინის აგრესიის შეჩერების მარცხის გრძელვადიანი შედეგები და ხარჯები შეაჩერებს ნებისმიერ ინვესტიციას, რომელსაც ჩვენ ახლა ვახორციელებთ", - აცხადებს შოლცი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×