რეზონანსი
09.02.2024

ჩვენთვის მკაფიო იყო ერთი რამ, საუბარი არაა ხელოვნურად პროცესის ინიცირებაზე, სადაც პრეზიდენტი შეეცდება, რომ პარტიები გააერთიანოს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „360 გრადუსში" პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

გიგი წერეთლის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი იყო იმაზე, რომ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ საერთო ამოცანები.

„პარტიების გაერთიანებაზე საუბარი ნამდვილად არაა და ჩვენც ამაში არც მივიღებთ მონაწილეობას იმიტომ, რომ არარეალურია და ამომრჩეველს არ მოვატყუებთ. მეორე, რაც არის უფრო კონკრეტული, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ამოცანები, რაც საერთოა ხელის მოუწერლად. პირველი, არჩევნების შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებები დაიწყოს", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთლის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ დაწყებული პროცესისადმი ზოგადად სკეპტიკურადაა განწყობილი, რადგან მას პოლიტიკურ აქტორებს შორის უფრო მაღალი ნდობა და ურთიერთგაგება სჭირდება.

„ზოგადად გამოსავლის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება არსებობს იმიტომ, რომ პროცესი, რაზეც არის ლაპარაკი გულისხმობს უფრო მაღალ ნდობას პოლიტიკურ აქტორებს შორის და უფრო მეტ ურთიერთგაგებას. ეს დღესდღეობით არ არის. პოლიტიკურ ველზეც არ არის მკაფიოობა, ახალი პარტიები იქმნება, მოთამაშეები შემოდიან საარჩევნო პროცესში.

რაც ჩვენთვის შედარებით მისაღებია არის ის, რომ აქ არ არის საუბარი რაღაც პოლიტიკურ ერთობაზე. ამაზე ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს აბსოლუტურად არარეალურია. ამით საზოგადოება არ უნდა მოატყუოს არავინ, რომ შეძლებს მთელი პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებას. ასეთი რამ ვერ მოხდება. რომც გაერთიანდნენ პარტიები, ნაწილი მაინც გარეთ დარჩება და არ იქნება საყოველთაო გაერთიანება. თუ არ არის იდეურ-პრინციპული ერთობა, ამას აზრი არ აქვს იმიტომ, რომ შეიძლება ეს აღმოჩნდეს მახე, რომელშიც გაებმები და შემდეგ დაიშლები. არც მოლოდინი არ უნდა შეიქმნას და ცუდი გამოსავალი კი უფრო მეტ ფრუსტრაციას გამოიწვევს და გაბრაზებასაც", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრისას არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ მას პოლიტიკურ ლიდერად წარმოჩენა სურს.

„თუ კონსპირაციებში ჩავალთ, სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ პოლიტიკურ ლიდერად გამოჩნდეს და ყველას დაალაგებს. ადამიანი შეიძლება რაღაცას ფიქრობდეს, მაგრამ მე დღეს ეს არ შემიტყვია", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×