რეზონანსი
12.02.2024

დღეს, რასაც მამუკა ხაზარაძე აკეთებს, ერთი ერთში ემთხვევა იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა და პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მამუკა ხაზარაძეს, არის სრულ სინქრონში, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, რითაც პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, მის მიერ წამოწყებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ არის მისი პოლიტიკური გზავნილი.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, მამუკა ხაზარაძემ არჩევნებამდე პერიოდი გამოიყენა იმისთვის, რომ გამოაცხადა რეპრესიები.

„ე.წ. countdown-ი ანუ, უკუთვლა, რომელიც არსებობს ხოლმე არჩევნებამდე, ხშირ შემთხვევაში გამოიყენება ბევრი პარტიის მიერ, მაგრამ გამოიყენება იმისათვის, რომ განაცხადონ, თუ რას გააკეთებენ კონკრეტულ ვადაში, ვიდრე არჩევნები ჩატარდება. მამუკა ხაზარაძემ ეს ყველაფერი გამოიყენა იმისთვის, რომ გამოაცხადა რეპრესიები და როდესაც ისინი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელახლა აამოქმედონ ის რეპრესიული მანქანა, რომელიც იყო 2012 წლამდე. ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანები გაყარონ სახელმწიფოდან და მეორეს მხრივ დაუპირისპირდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს და არ ემთხვეოდეს მათ აზრებს“-აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, არავინ დაუშვებს ამ ქვეყანაში რეპრესიების და ძალმომრეობის დაბრუნებას.

„დარწმუნებული ვარ, რომ არც ხაზარაძეს და არცერთ პოლიტიკოსს და პოლიტიკურ ძალას, რომელსაც თავის გეგმებში აქვს, რომ ამ ქვეყანაში დააბრუნოს რეპრესიები, დააბრუნოს ძალმომრეობა საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ამას არავინ დაუშვებს. რატომ ჰგონიათ რომ ეს შეიძლება შედეგის მომტანი იყოს, მგონია ეს პოლიტიკური უმწიფრობის ბრალია და მეორეს მხრივ, როდესაც ადამიანები ვერ აფასებენ ადეკვატურად თუ რა სიმძიმე ახლდა ამ ყველაფერს 2012 წლამდე. დღეს გვაქვს ძალიან ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი მოსაზრება გამოხატოს, მაგრამ რასაც მამუკა ხაზარაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა აფილირებული პარტიები და მედია საშუალებები აკეთებენ, მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი გაკვეთილებს ვერ სწავლობენ და ხელახლა დაუბრუნდებიან იმ სქემებს და მექანიზმებს, რომელსაც იყენებდნენ 2012 წლამდე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მის მიერ წამოწყებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ მისი პოლიტიკური გზავნილია. „ლელოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ის მოვა ხელისუფლებაში, ხოლო ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×