რეზონანსი
13.02.2024

ძალიან საქმიანი შეხვედრა გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ მათ მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით და ამ შეხვედრის შემდეგ განწყობა ძალიან ოპტიმისტურია, რადგან ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ, დატოვონ ქართველი ხალხი მარტო ივანიშვილის პარტიასთან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ლევან ხაბეიშვილი შეხვედრაზე პარტიის გენერალურ მდივანთან, პეტრე ცისკარიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„ევროკავშირის ელჩთან და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ვისაუბრეთ სამ პრიორიტეტზე და გამოწვევაზე, რომელიც აქვს „გამარჯვების კოალიციას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს საკითხები შეეხებოდა: წარმოუდგენელია, კონკურენტუნარიანად შეფასდეს არჩევნები, როცა მთავარი ოპოზიციონერი, პრეზიდენტი სააკაშვილი არის ციხეში; მეორე, ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მივაწოდეთ სამასამდე იდენტიფიცირებული უბანი, სადაც ივანიშვილის პარტია ახერხებს მანიპულაციებს და იწერს შედეგებს, ასეთი უბანი საქართველოში არის სამასამდე, სადაც „ქართულ ოცნებას“ თითქოსდა აქვს 90-95 პროცენტიანი მხარდაჭერა. ამიტომ ეს ინფორმაცია დეტალურად მივაწოდეთ; მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ამ რამდენიმე საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, ეს არის საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები და როგორ უნდა გახდეს საქართველო ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა, საიდანაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კი არ გარბიან ჩვენი მოქალაქეები, არამედ საქართველოში აქვთ ღირსეული შემოსავალი, საქართველოა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამაზე ვიმსჯელეთ, თუ როგორი მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობა და ის, რომ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი. უმნიშვნელოვანესია 2024 წლის არჩევნები და უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევნები განსაზღვრავს საქართველოს კურსს და ეს კარგად ესმით მოქალაქეებს და ჩვენს პარტნიორებსაც. ამიტომ, ცხადია, მნიშვნელოვანი რომ არის ეს არჩევნები, ამიტომ გვქონდა ეს შეხვედრა და ამ თემაზე დისკუსია“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრაზე პარტნიორებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელ ქალაქში, რომელ მუნიციპალიტეტში, რომელ სოფელში, რომელ საარჩევნო უბანზეა საჭირო ყველაზე მეტი ყურადღება და მათგან მიიღეს მზაობა არჩევნებზე დაკვირვების თაობაზე.

„ჩვენი პარტნიორებისგან არსებობს მზაობა არჩევნებზე დაკვირვების და საქართველოს მოქალაქეს ვპირდები, რომ ივანიშვილი ვერ შეძლებს მანიპულაციას. მთავარია, რომ ქართველი ხალხი მივიდეს არჩევნებზე, ამიტომ ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი აქტიურები და ისეთი ინტერესით, როგორც არასდროს არ ყოფილან. ახლა იქნება ისეთი დაკვირვება არჩევნებზე, მათ შორის ჩვენი და ჩვენი პარტნიორების მხრიდან, როგორიც არ ყოფილა არასდროს. უპრეცედენტოდ მობილიზებული ვიქნებით ჩვენც და ჩვენი პარტნიორებიც და ეს შეხვედრაც ემსახურებოდა იმას, რომ დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა რომელ ქალაქში, რომელ მუნიციპალიტეტში, რომელ სოფელში, რომელ საარჩევნო უბანზე გვჭირდება უფრო მეტი ყურადღება, ამიტომ ძალიან საქმიანი შეხვედრა იყო, ამ შეხვედრის შემდეგ განწყობა ძალიან ოპტიმისტურია, რადგან ჩვენი პარტნიორები არ აპირებენ, დატოვონ ქართველი ხალხი მარტო ივანიშვილის პარტიასთან“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×