რეზონანსი
16.02.2024

ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ გვინდა, ხელისუფლებაში მოვიდეთ, ვიყოთ წამყვანი ძალა კოალიციაში. ამას  აუცილებლად გავაკეთებთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძეს კითხვა დაუსვეს „ხალხის ძალის“ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია: „გლობალური ომის პარტიის“ მთავარი საზრუნავი „ნაცმოძრაობის“ ფსევდოშუაშისტური ფრთის გაძლიერება და მის მიერ ბარიერის გადალახვაა“.

როგორ ხაზარაძემ აღნიშნა, „ხალხის ძალა“ მისთვის ავტორიტეტი არა რის.

„ესენი ძირითადად ემსახურებიან რუსულ პოლიტიკას ქვეყანაში. ამ პოლიტიკურ ძალასა და „ოცნებას“ შორის განსხვავება უბრალოდ, არ ვიცი. ეს არის ერთი ძალა, რომელიც რუსულ ხელისუფლებას ემსახურება საქართველოში. ბარიერის გადალახვის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ გვინდა, ხელისუფლებაში მოვიდეთ, ვიყოთ წამყვანი ძალა კოალიციაში. ამას  აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძეს კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს მის მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ხაზარაძე აღნიშნავს: „ბიძინა ივანიშვილის ადგილი არის კრემლში, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა, ის უნდა იყოს მოსკოვში, ეს არის პოლიტიკური გზავნილი“.

„ეს არის ჟურნალისტის ამოგლეჯილი ფრაზა. სამწუხაროა, რომ მეტი ფანტაზია ამის დამტრიალებლებს არ აქვთ. კიდევ გავიმეორებ, ბიძინა ივანიშვილი არის რუსული მენტალობის მმართველი. იმის მაგივრად, რომ ივანიშვილს ქვეყანა აეღორძინებინა, შეიყვანა სერიოზულ ჩიხში. ივანიშვილის ამოცანაა, შეასრულოს პუტინის და კრემლის დავალებები, მას აქვს ვალდებულებები რუსეთთან. ბოლო წლების განმავლობაში, დაწყებული ანაკლიის პორტის ჩაშლიდან, მისი მთელი პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ საქართველო ვერ გახდეს ევროკავშირის წევრი. თვითონ ამბობს, რომ დასანქცირებულია ევროკავშირისგან და ევროპული ქვეყნებისაგან. როგორ შეიძლება, ევროკავშირისგან დასანქცირებულმა ადამიანმა ქვეყანა შეიყვანოს ევროკავშირში. აქედან გამომდინარე, მისი ამოცანა არ არის, ქვეყანა შევიდეს ევროკავშირში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რაც შეეხება „ლელოს“ ბანერს, სადაც დატანილია წარწერა, რომ „39 კვირის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში“, საკითხის კომენტირებისას ხაზარაძემ აღნიშნა:

„ბანერებს აუცილებლად გავაგრძელებთ. ეს ძალიან უწყინარი ბანერია. მსგავსი განცხადება სასამართლო დარბაზიდანაც გავაკეთე, ბილეთიც გავუგზავნე მოსკოვი-თბილისის და მაშინ ასეთი რეაქცია არ ყოფილა. ამიტომ, ბანერზე ასეთი რეაქცია თუ აქვთ, ცუდად ყოფილა მათი საქმე. ვფიქრობ, სხვა რამის გამოა, ნათლად ხედავენ ალტერნატივას, ნათლად ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ასე გაგრძელებას არ აპირებს და არჩევნები წაგებული აქვთ. აქედან გამომდინარე არის ასეთი რეაქცია“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×