რეზონანსი
22.02.2024

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართული პოლიტიკის პრობლემა არის არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზმი.

შალვა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ცეცხლოვანი „მუსტანგი", რომელსაც მალე შევაკეთებთ, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს ამ ქვეყანაში კორუფციას, ნეპოტიზმს, „ოცნების" მიერ გაჩერებულ პროექტებს და ნამდვილ ცეცხლს დაანთებს, მუშაობის, შენების, მშენებლობის და ჩვენი ქვეყნის გამოყვანის. ეს მომენტი შეიძლება, დადგეს ზაფხულში ან შემოდგომაზე".

პაპუაშვილის თქმით, ორპროცენტიანი პარტიები ცდილობენ, არადემოკრატიული გზით რამენაირად მოიპოვონ ხელისუფლება.

„დღეს ერთ-ერთი მთავარი აქცენტი გაკეთებული მქონდა იმაზე, რომ ქართული პოლიტიკის პრობლემა არის რადიკალიზმი - არა პოლარიზაცია, არამედ ის, რომ რადიკალური ჯგუფები არიან, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ამავე დროს, იციან, რომ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა. ორპროცენტიანი პარტიები ცდილობენ, არადემოკრატიული გზით რამენაირად მოიპოვონ ხელისუფლება. ამას ვუყურებთ ჩვენ, ვაკვირდებით. ეს კინო უკვე რამდენჯერმე გვაქვს ნანახი. გაიხსენეთ, რამდენი ასეთი რევოლუციონერი ჰყავდა ქართულ საზოგადოებას ბოლო 12 წლის განმავლობაში და ნახეთ, საბოლოო ჯამში, სად დაამთავრეს ამ რევოლუციონერებმა. ყველას სათანადო პასუხს გასცემს ქართული საზოგადოება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილს კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ბარამიძე ამბობს, რომ გახარიას პარტიასთან მომავალში კი არა, დღესაც თანამშრომლობენ.

პაპუაშვილის შეფასებით, გახარიას პარტიის „ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯვნის მუდმივი მცდელობა კომიკურ დონემდეა მისული.

„გახარია და მისი გუნდი ისეთ მდგომარეობაში არიან, ბავშვი რაღაცას რომ დააშავებს და შემდეგ არ უნდა აღიარება, ხელებს აიფარებს და ჰგონია, დამალულია, სხვა ვერ ხედავს. ყველა კარგად ხედავს, რომ კოალიცია აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან". ამას ამბობს მთელი საზოგადოება, ამას ამბობს „ნაციონალური მოძრაობა" და თვითონ ხელებაფარებული დგანან. ამბობენ, აქ არ ვდგავართო. ჰგონიათ, თვითონ რომ ვერ იხედებიან, სხვებიც ვერ ხედავენ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×