რეზონანსი
23.02.2024

ეს ცხრა დათქმა არ უნდა გახდეს ათი მცნების სანაცვლო საკითხი, პირველ რიგში, იდეოლოგიურ ნაწილს ვგულისხმობ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„დაცული უნდა იყოს საქართველოს ტრადიციები, ინტერესები, კულტურა და, რა თქმა უნდა, ესეც მოლაპარაკების საკითხი უნდა გახდეს, რომ შეჩერდეს აგრესიული თავს მოხვევა ე.წ. ნეოლიბერალური იდეოლოგიის, რაც მოდის ევროპიდან რეალურად“, – განაცხადა გოგავამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეიძლება შეფასდეს ის, რაც დღეს შალვა პაპუაშვილმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ოპოზიცია ითხოვს, ქართველი მოსამართლეების გადამოწმებაში უცხოური საელჩოების მიერ დანიშნული ხალხიც ჩაერთოს, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ამაზე თანხმობა არ არის და არის თუ არა ეს ქვეყნის შიდა პროცესებში ჩარევა, ან ჩნდება თუ არა კითხვები უსაფრთხოების ნაწილში, ირაკლი გოგავამ განაცხადა, რომ ქართულ ოპოზიციას არ აქვს იმდენი ინტელექტი, რათა ამ საკითხზე იმსჯელონ, ეს მათი მოთხოვნა არ არის და არის დავალება, რომელიც უცხოეთიდან მიიღეს.

„ეს არის ფუნდამენტური საკითხი, რომელიც ეხება ხელისუფლების ერთ-ერთი დამოუკიდებელი შტოს კონტროლს. თავის დროზე შარლ მიშელის შეთანხმებაში ბატონი მიშელის მიერ ეს მუხლი იქნა ჩადებული, რომელსაც თავიდან დაეთანხმა, მათ შორის, ხელისუფლება, მაგრამ მერე უარი თქვა ამ შეთანხმების შესრულებაზე. იქ იყო ასეთი ჩანაწერი, რომ საქართველოში მოსამართლეობის კანდიდატთა კეთილსინდისიერებას შეამოწმებს ავტორიტეტული უცხოელი ექსერტი, რომელიც საბჭოში იქნება. ანუ, გამოდის, რომ უცხოელი უნდა დაგვიჯდეს აქ და შეარჩიოს ჩვენი მოსამართლეები. ეს ნიშნავს იმას, რომ საუბარია სასამართლო სისტემის უცხოელებისთვის მართვაში გადაცემაზე; ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ სუვერენიტეტის დიდ ნაწილზე უარი უნდა თქვას და სასამართლო სისტემას გაუძღვებიან უცხოელები. ცხადია, ვინც აკონტროლებს სასამართლო სისტემას ნებისმიერ ქვეყანაში, ის აკონტროლებს არჩევნების შედეგებსაც, ბიზნესდავებსაც, საკუთრების უფლებებსაც და საერთოდ ყველანაირ უფლებებს. იმიტომ, რომ სასამართლოს შეუძლია, არჩევნების შედეგები გააუქმოს, ნებისმიერი ბიზნესდავა ვიღაცის სასარგებლოდ გადაწყვიტოს და, მაგალითად, გადაწყვიტავს უცხოური კომპანიის სასარგებლოდ“, – განაცხადა გოგავამ.

როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, ოპოზიცია არჩევნებზე უნდა დაელოდოს თავის შანსს, რომელიც, მისი აზრით, არასდროს ექნებათ, მაგრამ მაინც უნდა დაელოდონ.

„ამაში ისინი ხელფასს იღებენ დასავლეთიდან. ეს არის კლასიკური მეხუთე კოლონა. მათი განცხადებების სერიოზულად აღქმის უფლებაც კი არ გვაქვს, რადგანაც ოპოზიცია მთლიანად მარგინალიზებულია, 10-12%-ის ფარგლებში ცურავენ და ეს არის მათი ზრდის ზღვარი, რომლის იქითაც ვერ მიაღწევენ. სოციოლოგიის თეორეტიკოსებს რომ დავესესხოთ, მარგინალების რაოდენობა ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში, დაახლოებით, სწორედ ამდენია, 10-12%“, – განაცხადა გოგავამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა პრინციპს უნდა ემყარებოდეს კოალიცია და ვისთან კოალიცია იგულისხმება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში, ირაკლი გოგავამ განაცხადა, რომ როცა საქართველოს დასავლეთიდან პოლიტიკური სისტემის რეფორმირებისაკენ მოუწოდებენ, ეს იმას გულისხმობს, რომ გაკეთდეს ისეთი მოდელი, რომ გარედან ამ სისტემის მართვა ადვილი იყოს და არასასურველი პერსონაჟები, პოლიტიკური ძალები თუ ჯგუფები ამ სისტემაში არ იქნენ დაშვებული, ხოლო რაც შეეხება კოალიციურ მთავრობას, ეს საქართველოსთვის იქნება დამღუპველი იმ პირობებსა და გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.

„რატომ არის კოალიციური მთავრობა მათთვის საინტერესო? იმიტომ, რომ მარტივია სამართავად, რაღაც სამკაციან პარტიას მოისყიდიან, გადაიბირებენ და თუ არ დაუჯერებს ყველაზე დიდი პარტია, ეს სამკაციანი პარტია გავა კოალიციიდან, ჩამოინგრევა მთავრობა, პრემიერი; თუ მინისტრები დაკარგავენ პოსტებს, საჭირო გახდება ახალი არჩევნები და მთელი უბედურება. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს კოალიციური ელემენტი სადაც არის, იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური სისტემა იყო, ისრაელშიც იგივე ხდება და, საერთოდ, ყველაზე არასტაბილური პოლიტიკური სისტემაა კოალიციური მთავრობის დროს“, – განაცხადა გოგავამ.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა იბრძოლოს თავისი სუვერენიტეტისთვის, დაიცვას და არ დათმოს არც სასამართლო, არც პარლამენტი, არც აღმასრულებელი ხელისუფლება და არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, რომელიც ახლა პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რეალურად, სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×