რეზონანსი
23.02.2024

„ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა  ისაუბრა სასამართლოში ვეტინგის სისტემის უარყოფით მხარეებზე:

„ვეტინგთან დაკავშირებით იმაზე კი არ საუბრობს ოპოზიცია, რომ ეს გულისხმობს უცხოელების მიერ ჩვენი დამოუკიდებელი სასამართლოს წევრების, ანუ მოსამართლეების შერჩევას, დანიშვნას. განთავისუფლებას და ა.შ. შესაბამისად კი, უცხოელების მიერ ქართულ სასამართლოზე კონტროლის დამყარებას, არამედ საუბრობენ ისეთ მეორე ხარისხოვან თემაზე, როგორიც არის მოსამართლის კეთილსინდისიერება. ეს თავისთავად ძალიან ყალბი ნარატივია, რადგან მოსამართლე იქნება, ნებისმიერი თანამდებობის პირი თუ მოქალაქე, ვალდებულია კეთილსინდისიერი იყოს. საუბარი იყო იმაზე, რომ თუ ქონება დასაბუთებული აქვს, არ აქვს უფლება მოსამართლე იყოსო - უბრალო მოქალაქესაც არ აქვს უფლება დაუსაბუთებელი ქონება ჰქონდეს, რა შუაშია აქ მოსამართლეზე აქცენტი? თუ მოსამართლე არ არის ადამიანი, დაუსაბუთებელი ქონება უნდა ჰქონდეს? ამას აკონტროლებს საქართველოში არსებული სხვა სისტემები.

როდესაც ამ ვეტინგის სისტემაზე ვმსჯელობდით, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენლები მსჯელობდნენ იმაზე, რომ ეს სისტემა უნდა დაინერგოს და თუ როგორი მოდელი უნდა შემუშავდეს. სინამდვილეში, რომელი მოდელი უნდა ავირჩიოთ კი არა, იმაზეა საუბარი, რომ ვეტინგის სისტემა საერთოდ მიუღებელია. რადიკალური ოპოზიცია ყურადღებას კეთილსინდისიერების ასპექტზე ამახვილებს და არა იმაზე, რომ ვეტინგის სისტემა რეალურად უცხოელების მიერ სასამართლოს კორპუსის დაკომპლექტებას გულისხმობს, რაც აბსოლუტურად გაუგონარი და წარმოუდგენელი რამ არის. ანუ, სასამართლო ხელისუფლებას ხელისუფლება და უმრავლესობის გუნდი კი არა, უცხოელები, ანუ გარე ძალა უნდა აკონტროლებდნენ თურმე. როდესაც გვეუბნებიან, რომ მოსამართლეები უნდა შეარჩიონ საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანა არ ვართ.

ჩვენს კითხვაზე კი, თუ რატომ უნდა აკონტროლებდეს გარე ძალა სასამართლოს, ამაზე პასუხი არ ჰქონდათ და გარკვეულწილად, უკანაც დაიხიეს - ასე არ გვითქვამსო, თუმცა, პრეზენტაციაზე, შავით თეთრზე ეწერათ - დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

როცა ვკითხეთ, თუ რატომ უნდა გვინდოდეს ვეტინგის სისტემა და რით ასაბუთებდნენ ამ სისტემის აუცილებლობას საერთოდ, პასუხად მივიღეთ, რომ ამბობენ, სასამართლო სისტემა კლანური სისტემის კლანჭებშიაო. რას ჰქვია ამბობენ? სად არის ფაქტი, არგუმენტი?“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×