რეზონანსი
24.02.2024

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს მოუსმინეს. მთავარი საკითხები, რაც სხდომაზე განიხილეს, პენსიონერებისთვის სესხებზე საპროცენტო განაკვეთებია. ნათია თურნავამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რომელთა შორის, ოვერდრაფტის საკითხზე, შეკითხვა, “მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმაც დასვა.

ალეკო ელისაშვილი: "თქვენ თვით, რომ ოვერდრაფტებთან დაკავშირებით იყო პრობლემა, ეუბნებოდნენ რომ სესხია. ზოგ პენსიონერს წესიერი სათვალეც არ უკეთია და მიდი ახლა და ასწავლე ბანკომატზე რას დააჭიროს. ოვერდრაფტი რა არის? - იხდი თანხას, გეჭრება პენსიიდან, მაგრამ ძირი არ იფარება, მხოლოდ პროცენტი იფარება. თქვენც ხომ აღიარებთ, რომ ამ ადამიანებს ატყუებდნენ. ახლა ისიც გვითხარით, უკვე მოტყუებულ პენსიონერებს რას ეტყვის ეროვნული ბანკი, სესხის მაგივრად რომ ოვერდრაფტი შეაჩეჩეს. ის ადამიანები ხომ დაზარალებულები არიან და ხომ შეგიძლიათ ეს სისტემურად მოაგვაროთ?".

ნათია თურნავა დეპუტატს დაეთანხმა, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს, თუმცა როგორც მან თქვა ოვერდრაფტს ვერ აკრძალავენ. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გამოსავალს ფინანსური განათლების ამაღლებაში ხედავს. მისი თქმით, სებ-ი ამ საკითხზე სისტემურად მუშაობს და ცალკე დეპარტამენტიც კი შეიქმნა, რომელიც ფინანსურ განათლებას და შესაბამის სტრატეგიებს ამუშავებს.

"ბევრი რამე გაკეთდა ინფორმირებულობის გაზრდის თვალსაზრისით. მაგალითად, დავინახეთ რომ მომრავლდა, მომართვიანობა ოვერდრაფტების გაუაზრებელი ათვისების ბანკომატების გამო, რადგან სწრაფი ტექნოლოგია/სისტემაა და შეიძლება ამ დროს გააზრება ვერ ხდება, ამიტომ დავავალდებულეთ საფინანსო ინსტიტუტები მეტი ინფორმირებულობა გაკეთდეს და იმ ოვერდრაფტს კიდევ SMS-იც მიჰყვეს, რომ მისი წაკითხვა შესაძლებელი იყოს. ავკრძალეთ პროაქტიული რეკლამა ამ თვალსაზრისით. ბევრი რამ გაკეთდა და არ არის ისე, რომ ჩვენ თქვენგან ვიგებთ ამ პრობლემაზე. ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს. მთავარია სწორი გადამოწმებული ინფორმაცია მიეწოდებოდეს პენსიონერებს.

ოვერდრაფტი არის სესხის ერთ-ერთი ნაირსახეობა და ჩვენი კანონმდებლობით ადამიანს მიუხედავად მისი ასაკისა, თვითონ აირჩიოს რომელი საბანკო პროდუქტით ისარგებლებს. იქნება ეს ოვერდრაფტი, ჩვეულებრივი სესხი თუ სხვა. ამ უფლების შეზღუდვა ფინანსებზე წვდომის შეზღუდვასთან არის კავშირში. იქნებ როგორ სჭირდება პენსიონერს ის 20-30 ლარი, რომელიც საბოლოო ჯამში ოვერდრაფტია, მაგრამ წამლის საყიდლად არ ყოფნის და უნდა იყიდოს. არ მგონია ამ კუთხით, რომ რაიმე დრაკონული ამკრძალავი ზომები უნდა მივიღოთ. აქედან გამომდინარე სისტემურად უნდა მოვაგვაროთ გააზრების, ინფორმირების და ფინანსური განათლების პრობლემა. ეს ერთ და ორ დღეში არ ხდება ამიტომ სებ-ი ამ საკითხზე სისტემურად მუშაობს, ცალკე დეპარტამენტიც შევქმენით, რომელიც ფინანსურ განათლებას და შესაბამის სტრატეგიებს ამუშავებს. მზად ვართ ამ საკითხებზე სამუშაოდ თუ თქვენ მეტი კონკრეტიკით შემოხვალთ ჩვენთა", - უპასუხა ნათია თურნავამ დეპუტატს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×