რეზონანსი
24.02.2024

რასაც ოპოზიცია აკეთებს, პოლიტიკური ინტრიგანობა ჰქვია - ხელია გაწვდილია მეტი თანამშრომლობისთვის [აშშ-სთან], ოპოზიცია კი ცდილობს, ისეთი ინტერპრეტაციებით დახუნძლოს კონტექსტი, რომ ამ ყველაფერს რამენაირად ხელი შეუშალოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის შეფასებებს ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, ერთი მხრივ ჩინეთთან, მეორე მხრივ კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ.

სარჯველაძის შეფასებით, თავად კობახიძის განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლებას სურს შეერთებულ შტატებთან „მეგობრობა და პარტნიორობა გაცილებით უფრო ინტენსიური იყოს".

„ირაკლი კობახიძემ გახსნილად შეუთვალა შეერთებულ შტატებს, რომ გვაქვს სურვილი, უფრო მაღალ რეგისტრში გვქონდეს ურთიერთობა, უფრო ინტენსიური იყოს, მათ შორის სავაჭრო. ველოდებით პასუხებს. ეს ყველას გაგვიხარდება, ერთადერთი გამონაკლისი იქნება ოპოზიცია, რომელსაც ეს არ გაუხარდება. ვინ რისი შემოქმედია ამ ქვეყანაში, აქედანაც ნათლად ჩანს. ეს არ არის თავდასხმა, ეს არის გაწვდილი ხელი უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის. არ მგონია, ამ ქვეყნის და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გულშემატკივარს ეს არ სიამოვნებდეს. ამავე დროს, ოპოზიციის ინსინუაციების საპასუხოდ, ითქვა, რომ რაკი ჩინეთთან თანამშრომლობა გვაქვს, ეს არ გამორიცხავს და ხელს არ უშლის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაღრმავებას, როგორც ამას წარმატებულად ახერხებს არაერთი ევროპული სახელმწიფო - აქვთ სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან და ამავე დროს, სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამაში ცუდი არაფერია, მითუმეტეს, იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს არჩეული აქვს სტრატეგიული განვითარების გზად შუა დერეფნის კონცეფციის განხორციელება, რაც ნიშნავს ჩინეთის და დასავლეთის ვაჭრობას და ამ კუთხით მთავარი არხის ფუნქციის მინიჭებას. ეს ბუნებრივია, ნიშნავს იმას, რომ უნდა ეთანამშრომლო ორივე მხარეს, ვინც ამ ვაჭრობის მონაწილეა",- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×