რეზონანსი
25.02.2024

ექსპერტების დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ შოვის მსგავსი კომპლექსური და მასშტაბური სტიქიური პროცესის განვითარების დროს სულ თანამედროვე განგაშის სისტემაც კი ვერ ასრულებს საპრევენციო და ადრეული გაფრთხილების ფუნქციას, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა შოვის ტრაგედიაზე საუბრისას „იმედის კვირას" განუცხადა.

მისივე თქმით, მათ ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციონერების მხრიდან არაერთი სპეკულაცია მოისმინეს.

„მოვისმინეთ არაერთი არასწორი და მცდარი ინფორმაცია, რომელიც სტიქიის პირველივე დღიდან მიეწოდებოდა საზოგადოებას. ჩვენ ძალიან მოკლე ვადაში წარმოვადგინეთ პირველადი დასკვნა - გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა იმუშავეს და პირველადი შეფასება ასევე იყო საკმაოდ კომპლექსური და მნიშვნელოვანი. თუმცა, იმისთვის, რომ საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას გასცემოდა ამომწურავი პასუხი და პროცეის ყოფილიყო მაქსიმალურად გამჭვირვალე, მაღალი სანდოობის, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ამ პროცესში ასევე ჩაგვერთო ძალიან მაღალკვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტები.

დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ მსგავსი კომპლექსური და მასშტაბური სტიქიური პროცესის განვითარების დროს სულ თანამედროვე განგაშის სისტემაც კი ვერ ასრულებს საპრევენციო და ადრეული გაფრთხილების ფუნქციას", - განაცხადა თანდილაშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროა გაგრძელდეს მყინვარული ხეობების დეტალური შეფასების პროცესიც.

„ეს მყინვარული ხეობები ძირითადად მაღალმთიანი ზონებია. აქ უნდა მოხდეს ძალიან დეტალური შეფასებების ჩატარება, რათა რისკის ზონები და არეალები თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებით გვქონდეს განსაზღვრული და დავგეგმოთ შემდგომში გასატარებელი ღონისძიებები. ეს რიგ შემთხვევაში იყოს ადამიანების განსახლება, რიგ შემთხვევაში - ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების შეზღუდვა და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების შემოღება, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით აპრობირებულია. შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით ამას წელსვე გავაკეთებთ. მოხდება 22 მყინვარული ხეობის შესწავლა, რომელთა ქვევითაც დასახლებული პუნქტებია. რა თქმა უნდა, საბაზისო კვლევები აქ ჩატარებულია, საუბარია, სიღრმისეული კვლევების ჩატარებაზე", - აღნიშნა თანდილაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×