რეზონანსი
01.03.2024

ჩვენი პრინციპული პოზიციაა, დავიცვათ მომავალი თაობა მავნე ზეგავლენებისგან, რომელიც მოაქვს ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ადამიანის უფლებები და პროპაგანდა.

„ლგბტ პროპაგანდა კიდევ უფრო მასობრივი როცა ხდება, დიდ მასშტაბებს იძენს, გამოწვევების პროპორციულად და სწორ დროს მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმუშაოთ კანონპროექტზე. ეს კანონპროექტი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ფსევდოლიბერალური პროპაგანდისგან დაცვას, მეორე მხრივ, გააძლიერებს ადამიანების უფლებების დაცვას. განსაკუთრებით იმ ადამიანების უფლებების დაცვას, რომლებსაც ეხებათ ზოგადად ეს თემა. ვგულისხმობ არატრადიციული ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს.

შესაბამისად, ვფიქრობთ, ჩვენი პრინციპული პოზიციაა, დავიცვათ მომავალი თაობა მავნე ზეგავლენებისგან, რომელიც მოაქვს ამ თემის პროპაგანდას და არა - უფლებების დაცვას. უფლებების დაცვის საკითხის გამოყენებას, მასზე ამოფარებას ცდილობენ, რათა შემდეგ პროპაგანდას მიჰყონ ხელი. აქედან გამომდინარე, ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ უფლებები და პროპაგანდა. უნდა ვთქვათ, რომ უფლებების დაცვა ჩვენი განუხრელი, პრინციპული ამოცანაა, ყველა ადამიანის უფლებების, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად, ხოლო პროპაგანდა არის აბსოლუტურად მიუღებელი რამ. ამ პროპაგანდამ ისეთი მასშტაბი შეიძინა, რომ დღეს სჭირდება პრევენცია. როცა ვლაპარაკობდით, რომ ჯანსაღი პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ არაჯანსაღ პროპაგანდას, ესეც მიდგომაა. იმავე პოზიციაზე ვრჩებით, მაგრამ დღეს თუ უფრო გამწვავდა პრობლემა, ამ გამწვავებულ პრობლემას უფრო ხისტი პოზიციით უნდა დავუპირისპირდეთ. ეს პოზიცია ნიშნავს, რომ ვიმუშაოთ კანონმდებლობაზე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ოპონენტებისგან ვერ მოისმინა პრინციპული პოზიცია, საჭიროა თუ არა მავნე პროპაგანდასთან დაპირისპირება.

„საკითხის გახმოვანებიდან მეორე დღეა, ოპონენტებისგან ვერ ვიღებთ პრინციპულ პოზიციას, საჭიროა თუ არა, დავუპირისპირდეთ ამ მავნე პროპაგანდას. არცერთ მათგანს მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია, ამოეფარნენ რამდენიმე ჟურნალისტს. კანტიკუნტად, ბუნდოვნად ჩანან ადამიანები, რომლებიც ჩემს შარშანდელ კომენტარს იხსენებენ და წელს რატომ შეცვალეთო? იმიტომ შევცვალეთ, რომ წელს უფრო დიდი, მძაფრი, სერიოზული პრობლემების, გამოწვევების წინაშე დავდექით. ოფიციალურ სტრუქტურებში შეაღწია ასეთმა მოთხოვნებმა, უფრო გაიზარდა მასშტაბი, მათ შორის, ხელოვნებაში, შემოქმედებაში ცდილობენ, დააინტეგრირონ ასეთი საკითხების პროპაგანდირება. გამოწვევა არის უფრო მძაფრი და გადაწყვეტილებაც არის უფრო მძაფრი. უფლებებს ნურავინ ამოეფარება და ნურავინ გაბედავს ევროპულ, დასავლურ თემას დაუკავშიროს. ვიღაცები ამბობენ, რა გოიმობაა ამაზე საუბარიო. გოიმობა ის არის, ფსევდოლიბერალურ ტრენდს რომ აჰყვები გათვითცნობიერების, სიღრმეებში ჩასვლის გარეშე. ფსევდოლიბერალურ, მავნებლურ ტრენდს როცა მიჰყვები ისე, რომ ვერ აცნობიერებ და მხოლოდ მოდურობის გამო რაღაც პოზას იჭერ, ეს არის ნამდვილი გოიმობა მათთვის, ვინც გაბედა. მხოლოდ და მხოლოდ ერთმა-ორმა სოციალურ ქსელში რაღაც კომენტარის სახით მიაწერა", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების" განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×