რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვსკის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე კი, პანაშვიდი ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში გაიმართა.
ეკლესიასთან ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი, რომელთაც მსვლელობის პროცესში მიიღეს მონაწილეობა. დაკრძალვის პროცესს დაესწრო რუსეთში ამერიკის ელჩი.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 16 თებერვალს გარდაიცვალა.ალექსეი ნავალნი 2021 წელს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს, სადაც მას საწამლავით მკვლელობის მცდელობის გამო მკურნალობდნენ. მას 19 წელი მიესაჯა სასჯელაღსრულების კოლონიაში. ნავალნი თავდაპირველად ვლადიმირის რეგიონში იხდიდა სასჯელს, მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით, 230 კილომეტრში, მაგრამ გასული წლის ბოლოს გადაიყვანეს „სპეციალური რეჟიმის" სასჯელაღსრულების კოლონიაში, რომელიც იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში მდებარეობს. ალექსეი ნავალნი 47 წლის იყო.
ალექსეი ნავალნის ცხედარი მის დედას 24 თებერვალს გადაეცა. მანამდე კი რუსი ოპოზიციონერის პრესმდივნის თქმით, ალექსეი ნავალნის დედას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ დათანხმდებობდა შვილის საიდუმლოდ დაკრძალვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაცვლილის ცხედარს იმ კოლონიაში დაკრძალავენ, სადაც სასჯელს იხდიდა.