რეზონანსი
04.03.2024

ზურაბ აზარაშვილის წერილს რომ დავუჯეროთ, ირაკლი კობახიძე ერის მტერი გამოდის, რადგან ასეთი „კარგი“ მინისტრი მოხსნა, რომელმაც „დადებითი და კარგი“ პროგრამები დაიწყო, - შესაბამისი განცხადებით „ლელოს“ წევრი, ვატო სურგულაძე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის,ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც სურგულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, ის ეთანხმება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ზურაბ აზარაშვილთან დაკავშირებით, რომ მინისტრს მართვის და კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდა.

„პროგრამები და იდეები მართლა კარგი იყო, მაგრამ ამის შესრულება იყო ძალიან ცუდი. ამ წერილის შემდეგ ირაკლი კობახიძე გამოდის ძალიან ცუდი ადამიანი, ვინაიდან, ასეთი „წარმატებული“ მინისტრი მოხსნა“, - განაცხადა სურგულაძემ.

ამასთან, ვატო სურგულაძემ აზარაშვილის მიერ მინისტრობის დროს განხორციელებული რეფორმები შეაფასა. მისი თქმით, ყოფილ მინისტრს კარგი იდეები ჰქონდა, თუმცა შეუსრულებელი.

„რეფერენტულმა ფასებმა გამოიწვია შავი ბაზრის გაჩენა. სად არის თურქული მედიკამენტები?! - თურქეთმა 1-ელი იანვრიდან გაზარდა შიდა ფასები და, შესაბამისად, ჩვენთანაც გაიზრდება მედიკამენტებზე ფასები. როგორ შეიძლება ერთ ქვეყანაზე იყო დამოკიდებული. ევროპაში გამოშვებული ხარისხიან მედიკამენტები ქვეყნიდან გაქრა.

შედით ნებისმიერ ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქში, სადაც შეგიძლიათ იყიდოთ ნებისმიერი ანტიბიოტიკი, ყველანაირი რეცეპტის გარეშე. რაზე მიუთითებს ეს? იმაზე, რომ არანაირი კონტროლი არ ხორციელდებოდა. „დიარჯის“ სისტემამ ძალიან ბევრი კლინიკა დააყენა გაკოტრების წინაშე. „დიარჯი“ კარგია, მაგრამ გააჩნია როგორ გააკეთებ, რა ფასებს დაადებ. ეს ფასები ძალიან შორს არის საბაზრო ფასებისგან, რომლებიც საჭიროა კლინიკების განვითარებისთვის, ექიმების, სანიტრებისთვის და ექთნებისთვის ნორმალური ხელფასების მიცემისთვის. პრობლემა არის ის, რომ იდეა კარგი იყო, მაგრამ როგორ შევასრულეთ?“, - განაცხადა სურგულაძემ.

მისივე შეფასებით, კარგია, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა საზღვარგარეთ იმკურნალონ, მაგრამ არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ საქართველოში გაძლიერებულიყო ონკოლოგიური ნაწილი.

„რა გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველოში გაძლიერდეს ონკოლოგიური ნაწილი? ბავშვთა ონკოლოგიაზეა საუბარი. კი მიდიან საზღვარგარეთ, რაც ძალიან კარგია, მაგრამ უკან რომ ბრუნდებიან, რა ხვდებათ აქ? ის ადამიანი, რომელსაც ცოტა შესაძლებლობა აქვს მიდის სტამბოლში, ბერლინში, ვენაში, თელ-ავივში, ეს არის გაკეთებული სისტემა? ვერცერთი იდეა ვერ განახორციელა!

ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძეს უნდა დავეთანხმო, მინისტრს ჰქონდა პრობლემა მართვაში და კომუნიკაციაში. ნებისმიერ მინისტრს სხვა რამე კი არ ევალება, ეს არის მართვა და ეს არის კომუნიკაცია“,- განაცხადა სურგულაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×