რეზონანსი
08.03.2024

ზუსტად ვიცით, გერმანიას როგორ სურს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება და წარმატება, მაგრამ ხანდახან არის ისეთი მოცემულობები, როდესაც „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს", - ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა.

„ეს არის მილიონ ორასი ათას ადამიანზე მეტი. ეს არის სირცხვილი, როდესაც კაბინეტებში, სადაც ჩვენც რომ ჩავდივართ, კანონის უზენაესობაზე გვესაუბრებიან, ზის ადეიშვილი. ჩვენ არცერთი წამით არ ვაყენებთ ეჭვქვეშ იმას, რომ გერმანია ჩვენი პარტნიორია; ზუსტად ვიცით, გერმანიას როგორ სურს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება და წარმატება, მაგრამ ხანდახან არის ისეთი მოცემულობები, როდესაც „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს" მდგომარეობაში ვართ. ზურაბ ადეიშვილი არის საქართველოში ხუთგზის ნასამართლევი, რომელმაც ჩვენ ქვეყანაში შექმნა სადისტური წამების, ადამიანის მკვლელობის, ქონების წართმევის, უამრავი სისასტიკის, სისაძაგლის სისტემა და ეს ყველაფერი, მათ შორის, არის ამ ადამიანის ნამოქმედარი. აი, ამ ადამიანს იღებენ იმ კაბინეტებში და რაღაც კანონის უზენაესობაზე და სისხლის სამართლებრივ პრინციპებზე ესაუბრებიან, სადაც მერე ასევე ვსხდებით ჩვენ და რეკომენდაციებზე გვთხოვენ, ეს პუნქტი შეასრულეთ, ის პუნქტი არ შეასრულოთო", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა „პირველ არხთან".

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად, ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა. შესაბამისი მასალა ბუნდესტაგის ვებგვერდზეა განთავსებული.

აღნიშნულ საკითხს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის საელჩო: „გერმანიაში არ არსებობდა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული მიზეზი, რათა ადეიშვილისთვის აეკრძალათ პარლამენტში შესვლა", - განმარტავენ საელჩოში და აცხადებენ, რომ ეს ფაქტი არანაირად არ უკავშირდება გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობებისადმი დამოკიდებულებას.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოში რამდენიმე საქმეზეა ბრალდებული, რამდენიმეზე კი - მსჯავრდებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×